„რაც არ უნდა ილაპარაკონ მათ, რომ ციხის კადრები დადგმულია, ტყუილია და დეზინფორმაციაა, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით - საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ვიცით, ვის რა შეეხო, ვის რა უბედურება გადახდა და ვის როგორ ექცეოდნენ. მთელმა მსოფლიომ ეს აღიარა და საჯაროდ დაგმო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკასა და ევროპაში იციან, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას და ჩაგრავდა საკუთარ ხალხს.
„მე გუშინ ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ ჩვენ ისე არ მოვექეცით და არ მოვექცევით მათ, როგორც ისინი იმსახურებენ, როგორც ისინი ექცეოდნენ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს, როგორც მტრებს, ისე ექცეოდნენ. მტრებს არ ექცევიან ისე, როგორც ისინი ექცეოდნენ ჩვენს მოსახლეობას. დღეს „ფეისბუქზე“ გავრცელებული იყო ფოტოები, რა იყო, რა დაგვხვდა, რა მდგომარეობა იყო ციხეებში, საშინელება, ჯოჯოხეთი, რა პირობებში აცხოვრებდნენ პატიმრებს, ერთ პატარა ოთახში ერთი საათის განმავლობაში ეძინათ. მათ შორის ამას ემატებოდა ყოველ დღე ცემა, შეურაცხყოფა, დამცირება. მორგში, გარდაცვლილ ადამიანთან რომ შეიყვან პატიმარს და დააბამ, ამაზე მეტი რა უნდა იყოს.
რაც არ უნდა ილაპარაკონ მათ, რომ ციხის კადრები დადგმულია, ტყუილია და დეზინფორმაციაა, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველამ ვიცით, ვის რა შეეხო, ვის რა უბედურება გადახდა და ვის როგორ ექცეოდნენ. ჩვენ კი არა, მთელმა მსოფლიომ აღიარა და საჯაროდ დაგმო. ამერიკაში, ევროპაში ყველგან იციან, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას და ჩაგრავდა საკუთარ ხალხს. აქედან გამომდინარე, უსუსური მცდელობაა, რომ თითქოს ეს დადგმულია. რა არის დადგმული, ვეკითხები ამ ადამინებს, კარანტინის დაშლა დადგმულია? „დუბინკით“ გაუპატიურების ფაქტები, სასტიკად მოპყრობა, ცემა, ეს არის დადგმული? ეს ხომ რეალობაა, ეს ხომ ჩვენ ყველამ ვნახეთ. მთელმა მსოფლიომ იხილა ეს ამაზრზენი, შოკის მომგვრელი კადრები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.