„თბილისის ბიუჯეტი სულ 1 მილიარდ 200 მილიონია. ჩვენ რომ მივედით 825 მილიონი იყო და ჩვენი მისვლის შემდეგ გაიზარდა“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, დახლოებით 2 მილიარდიანი დაპირებები გასცა, მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის 1 მილიარდ 200 მილიონი ლარი.
„თბილისის ბიუჯეტიდან 350 მილიონი არის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები, 500 მილიონია ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯები, დანარჩენი კი ქალაქის მართვის, საოპერაციო ხარჯებია. ლაპარაკობენ, რომ 200 მილიონს გამოყოფენ უფასო კვებისთვის, მაშინ როდესაც ჩვენი მთავრობის პერიოდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები უფასო გახდა. მუნიციპალური ბაღები დღემდე უფასოა და არა მხოლოდ კვებაა იქ უფასო. დახლოებით 2 მილიარდიანი დაპირებები გასცეს, მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის 1 მილიარდ 200 მილიონი ლარი, რაც გაწერილია და იხარჯება კონკრეტული მიმართულებებით. ჩემი აზრით, ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.