უკანასკნელად ჩემს დაბადების დღეზე ვნახე. 20 წითელი ვარდით მოვიდა. ძალიან მინდა, ამ ვარდებმა დიდხანს გაძლონო. ვარდებმა მეორე დღესვე მოიწყინეს, თვითონ კი ოთხ დღეში, შუადღისას, საჩვენებლად დაცხრილეს შვიდი ტყვიით ხობის მოედანზე. სამარცხვინო ქართველებმა ესროლეს უიარაღო, კამერიან ჟურნალისტს. თვალგახელილი და სამოსგაძარცვული, მკვლელის შიშით, მხოლოდ შუაღამეს მიაბარეს ცივ მიწას კეთილმა ადამიანებმა...
მიწასაც არ მიეღოს მისი მკვლელის ლეში! ნეტა, რად უღირს სიცოცხლე?!
26 წელი გავიდა. ის ისევ 24 წლის მარადიული ბიჭია და ჩემი მარადიული მეგობარი...
ბოლა ️ <3
***
მე ის წვიმა ვარ, ჩუმი ცრემლით თმას რომ გირბილებს,
მე ის სხივი ვარ, სახეზე რომ გეალერსება.
მე ის გული ვარ, უფურცლოდ რომ შერჩათ გვირილებს,
ხე ვარ, მოჭრილი და არ ხმება ჩემი ფესვები!..
ზურგის ქარი ვარ და მინდა, რომ სულ წინ იარო!
მე ის შუქი ვარ, შენს თვალებში სულ რომ ციმციმებს.
ჰო, ჩემს საფლავზე ერთ ლამაზ ქალს უწვიმიაო,
ის ერთი ვარდიც შენ დატოვე, ესეც ვიცი მე...
როცა მესროლეს, სიკვდილამდე ნაბიჯით ადრე,
ცას ჰქონდა შენი თვალები და უხმოდ ტიროდა...
გაჩუქებ-მეთქი, ხომ შეგპირდი, სისხლისფერ ვარდებს,
ახლა, შენ მჩუქნი, ჩვენშორისი სანაპიროდან...
მე ის სითბო ვარ, შენს ღიმილს რომ აგაზაფხულებს,
მე ის ღამე ვარ, შენს სიზმრებს რომ ფხიზლად დარაჯობს.
ოცი გასულა... მე კი გუშინ მოგინახულე,
ლურჯი პერანგით, თეთრი ჯინსით და უფარაჯოდ...
(თამარ ბოლქვაძე)
2019 წ.