„ვინც ამას აკეთებს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვაკის პარკის ფეიკ ფოტოს ვგულისხმობ, არის სამარცხვინო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„მინდა, მივმართო თბილისელებს – მეგობრებო, უბრალოდ, მიდით ვაკის პარკში და ნახეთ, რა სილამაზეა, როგორი სილამაზე გამოვიდა პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. ორი ფოტო, რომელიც ვრცელდება, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ლოკაციებია. ქვედა ფოტო არის ბავშვების ატრაქციონებთან მისასვლელი, დაახლოებით, 30-მეტრიანი გზა, რომელიც იყო დაჭაობებული, ტალახიანი და გაუბედურებული. დღეს, ეს ყველანაირად მოწესრიგებულია. უბრალოდ, მინდა, ვთხოვო თბილისელებს – მიდით და ნახეთ, როგორ არის გაკეთებული და მოწესრიგებული ვაკის პარკი, თუმცა მთლიანად არ არის დასრულებული“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ვაკის პარკში სამუშაოების მეორე ეტაპი დაწყებულია.
„ეს არის კასკადის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, 60-იან წლებში იყო კიდევ ერთი შადრევანი, რომელიც გაუქმებული იყო და, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს – თითქოს, ბრეჟნევი უნდა მოსულიყოო, ეს შადრევანი ესკორტს ხელს უშლიდა და მაშინვე ამოუვსიათ მიწით. ამის მერე, უკვე აღარ მუშაობდა ეს შადრევანი და ჩვენ ისიც აღვადგინეთ. დაახლოებით 19 ჰექტარზე მთლიანი რეაბილიტაცია განხორციელდა. არის ახალი საფეხმავლო ბილიკები, სარბენი ბილიკები, ველობილიკები და გარემო შშმ პირებზე ადაპტირებულია. აგურის წითელი ნამტვრევები, რომელიც იყო, ყოველთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, შშმ პირი ეტლით ვერ გადაადგილდებოდა და დედა შვილს ეტლით ვერ ასეირნებდა. უბრალოდ, გთხოვთ, მიდით და ნახეთ, ყველაფერი როგორ არის გაკეთებული“, – განაცხადა კალაძემ.
ამ განცხადებით კახა კალაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა სოციალურ ქსელში ბოლო ერთ საათის განმავლობაში გავრცელებული ვაკის პარკის ფოტო ფეიკი.