შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული პ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში დააკავეს და მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, 9 ვაზნა და პნევმატური პისტოლეტი, ასევე, ფული - 11 200 დოლარი, 50 ევრო და 3 695 ლარი.
პოლიციამ სოფელ კრწანისში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, საბრძოლო ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია ამოიღო. სამართალდამცველებმა თბილისში, პ.ს.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „ტტ“-ს კონსტრუქციის 3 პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „კომპაქტის“ და „არკუსის“ მოდელების 2 პისტოლეტი, „გეკოს“ ტიპის 2 იარაღი, 4 სანადირო გლუვლულიანი თოფი და 3 შაშხანა, სასწავლო ხელყუმბარა და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 4182 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული - 36 700 დოლარი.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.