საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-სექტემბრის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 11.3 პროცენტი შეადგინა.
ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალია, შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.5%-მდე გაიზარდა, ხოლო ოპტიმისტური სცენარით მოსალოდნელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
მისი თქმით, 2021 წლის სექტემბერში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე აჭარბებს, როგორც პანდემიამდე - 2019 წლის სექტემბრის მონაცემს, ასევე, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის კუმულაციური მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად (5.7 პროცენტით) აღემატება 2019 წლის იანვარ-სექტემბრის ეკონომიკური აქტივობის დონეს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სექტემბერში რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, ამასთან მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის სექტორშიც.
გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. 2021 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.8 პროცენტით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით არის გაზრდილი და 270.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
„ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, ასევე, მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გაჯანსაღებას, პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებას სამუშაო ადგილების შემცირებაზე და ბიზნესზე. ამას ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონული მიმოხილვის მორიგი ანგარიში, სადაც კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება პრობლემების მქონე, ვალაუვალი ფირმების რესტრუქტურიზაციისა და მხარდაჭერის საკითხებს დაუთმო, ხოლო პრობლემური ფირმების ჰიბრიდული რესტრუქტურიზაციის ქართული რეფორმა რეგიონისთვის მისაბაძ და წარმატების ნიმუშად დაასახელა“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
მისი თქმით, თვალსაჩინოებისათვის, 2019 წლიდან მოყოლებული ფონდმა საქართველოს ფისკალური რეფორმა წარმატების მისაბაძ მაგალითად აღიარა შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ქვეყნებში, ქვეყნის ფისკალური სექტორის მდგრადობის გასაზრდელად გატარებული რეფორმებით, რამაც გააუმჯობესა ბიზნესკლიმატი და გაზარდა ფისკალური ინსტიტუტების მდგრადობა.
„რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მთავრობამ მიიღო ზომები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რომელიც მოიცავდა როგორც ბიუჯეტის შესახებ ახალი კანონის მიღებას, რამაც გამოიწვია საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩოს გაძლიერება ბიუჯეტის დამტკიცებისა და აღსრულების პროცესის დაჩქარებით და პროგრამული ბიუჯეტირების დანერგვით, ასევე საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებით და ელექტრონული საგადასახადო სერვისების და ელექტრონული ტენდერების დანერგვით, რამაც საბოლოო ჯამში ფისკალური რისკების, ანალიზისა და რეპორტინგის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.
ეკონომიკის ექსპერტი თავის ფეისბუქ-სტატუსში ყურადღებას სსფ-ის მიერ აღნიშნულ იმ პროგრესზე ამახვილებს, რასაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. ბოლო სამ წელიწადში უკვე მეორედ მთელი რეგიონისთვის სანიმუშო და წარმატების მაგალითად დასახელება, კიდევ ერთხელ მთლიანად აბათილებს ოპოზიციურ ნარატივს გაჩერებულ ეკონომიკაზე, მზარდ კორუფციაზე და კლანურ მმართველობაზე და შესაბამისად, ოპონირების სუბიექტურ და დეზინფორმაციულ ხასიათზე მიუთითებს.