„საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს საკმაოდ მაღალი, დამაიმედებელი ტემპებით ზრდას. 2021 წლის სექტემბერში ქვეყნის ეროვნული პროდუქტის მოცულობამ გასული წლის სექტემბრის მოცულობას 6.9 პროცენტით, ხოლო პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.2 პროცენტით გადააჭარბა. მთლიანად, იანვარ-სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა დონეს მიაღწია (+11.3%), ხოლო პანდემიამდელ 2019 წლის იანვარ-სექტემბრის დონეს 5.7 პროცენტით გადააჭარბა.
ეკონომიკური ზრდის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელი წლის დასაწყისში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ პროგნოზს ორჯერ და მეტად აღემატება და, წლიური მაჩვენებელი, მაღალი ალბათობით, შეიძლება ორნიშნა რიცხვით გამოიხატოს“, - წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე თავის ფეისბუქ-გვერდზე და ამის დასტურად მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლისთვის გაკეთებული პროგნოზი, რომლის თანახმადაც საქართველოს 18-ე ადგილი უკავია მსოფლიოს 194 სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით, მაშინ როდესაც 2020 წელს - 126-ე, ხოლო 2019 წელს - 42-ე ადგილზე ეკავა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა დიდწილად უზრუნველყოფილია ბიზნესსექტორის დინამიკური განვითარების ხარჯზე, სადაც დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 2021 წლის სექტემბერში წინა წლის სექტემბერთან შედარებით გაიზარდა 24 პროცენტით, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 4163 ერთეული შეადგინა (6.2%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით). იოსებ არჩვაძის თქმით, ბიზნესის აქტიურობა ადეკვატურად აისახება საგარეო სავაჭრო ექსპანსიის დინამიზმშიც. 2021 წლის სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 12.8 პროცენტით, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი 10.2 პროცენტით გაიზარდა.
ექსპორტის წინმსწრები ზრდა ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით მიანიშნებს საქართველოს მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ხოლო რეექსპორტის ზრდის მაღალი ტემპი (იანვარ-სექტემბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 19.3%-ით) - საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ეკონომიკური ლიბერალიზმის წყალობით მისი, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციის სულ უფრო მკვეთრად გამოხატვაზე.
„ცალკე აღნიშვნის ღირსია ტურისტული სექტორი, რომელზეც ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა დარგია „მიბმული“ - ამ სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პროცესი ჯერაც არაა დასრულებული, მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი, რის ხარჯზეც სექტემბერში შემოსავლების დონემ გადააჭარბა პანდემიამდელი, 2019 წლის სექტემბრის ნახევარს (51%)“, - აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.
ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლების მიერ გატარებული თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, ანტიკრიზისული ღონისძიებები, ბიზნესის მხარდამჭერი კომპლექსური პროგრამები, მთლიანად, ეკონომიკის მდგრადობა და ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპები როგორც მთლიანად, ისე მის ცალკეულ სექტორებში, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ ინსტიტუტებს.
კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პრობლემური ფირმების ჰიბრიდული რესტრუქტურიზაციის წარმატებული ქართული რეფორმა რეგიონისთვის მისაბაძ ნიმუშად დაასახელა.
განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს, ის, რომ ბოლო სამ წელიწადში უკვე მეორედ მოხდა საქართველოს, როგორც მთელი რეგიონისთვის სანიმუშო და წარმატების მაგალითად, დასახელება. დადებითი შეფასება საქართველომ დაიმსახურა საჯარო სექტორისა და ფისკალური ინსტიტუტების გასამყარებლად რეფორმების გატარებისათვისაც, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს საგადასახადო სისტემის და ადმინისტრირების გაუმჯობესებას.
„ეკონომიკური ზრდის დამაიმედებელი დინამიზმი, ბიზნესის მზაობა, უფრო მეტი და მრავალმხრივი აქტივობისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ხელისუფლების მკაფიო და თანმიმდევრული პოლიტიკა ადგილობრივი მეწარმეებისათვის ხელშეწყობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის, ქმნის ხელსაყრელ პირობებს საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკური მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის თანმიმდევრული ამაღლებისათვის“, - წერს სოსო არჩვაძე.