ქუჩების ბლოკირება, ქაოსი, დესტაბილიზაცია – სუსი ფარული აუდიოჩანაწერის ნაწილს ასაჯაროებს, სადაც იკვეთება, თუ რა სქემით ამზადებდა “ნაციონალური მოძრაობა” სახელმწიფო გადატრიალებას.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ქმედებების განხორციელებას მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში გეგმავდნენ.
“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას.
გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. მათ განზრახული აქვთ, აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებებს ადგილი შესაძლოა ჰქონდეთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც.
ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუყოვნებლივ წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.
აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იქნენ დაბარებული გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება, პროცესების პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას, რამაც შესაძლოა, მოიტანოს მძიმე შედეგები და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი.
ეხლა გთავაზობთ აუდიო მტკიცებულების ნაწილს, რომელიც მოპოვებულია სასამართლო განჩინების საფუძველზე. საუბარი მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ჩანაწერი 2-საათიანია და დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს”, – აცხადებენ სუს-ში.