logo_geo
eng_logo
სუსი: მსჯავრდებულ სააკაშვილის გლდანის მე-8 დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, გარკვეული დესტრუქციული ქმედებები იგეგმება
- +

29 ოქტომბერი. 2021. 20:04

 

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, რაც აღნიშნულ დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას ითვალისწინებს", – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ, ბაჩა მგელაძემ განაცხადა.

 

„მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებებს შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც. ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუყოვნებლივ წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იქნენ დაბარებული გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში.

 

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება პროცესების პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას, რამაც შესაძლოა, მოიტანოს მძიმე შედეგები და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი“, – განაცხადა ბრიფინგზე მგელაძემ.

 

ამასთან, ბრიფინგზე გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერის ნაწილი, რომლის ჩაწერაც, ბაჩა მგელაძის თქმით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.

 

„ჩანაწერი განხორციელებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში და მისი ჩაწერა განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ეს არის ჩანაწერის გარკვეული ნაწილი. ჩანაწერი არის ორსაათიანი, რომელშიც სხვადასხვა პირი ფიგურირებს. ჩანაწერი თან დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს. ამ საკითხების განხილვა პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა“, – განაცხადა ბაჩა მგელაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner