„მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანის ადვოკატი გიორგი გვენეტაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანიაში ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია მივიდეს სტუმრის სტატუსით და ის ამ შენობაში მასპინძელი ვერ იქნება. განცხადება გვენეტაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. ადვოკატის განმარტებით, შენობა, სადაც „მაესტრო" ფუნქციონირებს, არის შპს „ინვესტმენტის" საკუთრებაში და ამ შენობის ადმინისტრაციული პროცესების სამართავად, მაკა ასათიანს დანიშნული ჰყავს ბაია გადაბაძე:
„მაკა ასათიანი შპს „სტუდია მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელია. ჩვენი თვალსაზრისით, რომელიც არის სავსებით დასაბუთებული, უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდა ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად. სანამ ეს რეგისტრაცია არ შეიცვლება, მანამ ის არის შპს „სტუდიას მაესტროს" დირექტორი, თუმცა ძალიან გვაინტერესებს, სად მიდის, საიდან უნდა უხელმძღვანელოს ტელეკომპანიას და დაასახელოს მისამართი. გვაინტერესებს, რა მისამართზე აპირებს განთავსებას და საიდან უნდა უხელმძღვანელოს კომპანიას, რადგან ეს შენობა არის მაკა ასათიანის საკუთრება და მისი კეთილი ნების საფუძველზე ფუნქციონირებდა „მაესტრო" ამ შენობაში. მაკა ასათიანის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს უკანონოდ და უსამართლოდ მოსული დირექტორისთვის მისი საკუთრების დათმობას. სტუმრად ყველას მივიღებთ, მაგრამ მასპინძელი ვერ იქნება, რადგან ჩვენი შენობაა.
მან უნდა გაგვცეს პასუხი, როდის და როგორ აპირებს, დაფაროს 54 მილიონამდე დავალიანება, რომელიც ჩვენს მიმართ აქვს და საიდან და რა საშუალებით აპირებს ტელეკომპანიის მართვას. ჩვენ, როგორც 25%-იანი წილის მფლობელები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ნაჩქარევი, არასწორი და რეიდერული გამოხტომა ადრე თუ გვიან სამართლებრივად შევაჩეროთ. კერძო საკუთრებაში შეჭრას არავინ დაუშვებს, თუ მობრძანდებიან ცივილიზიებული ფორმით, მეურვესთან ურთიერთობის პრობლემა არავის აქვს", - აღნიშნა გვენეტაძემ.