„ამ წუთის მდგომარეობით პატიმარი სააკაშვილი მკურნალობას განაგრძობს და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია", - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჩართვისას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
აღნიშნულით მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ პატიმარი სააკაშვილი შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობაზე უარს ამბობს.
„რამდენად არის მოსალოდნელი პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან შემსუბუქება, ბუნებრივია, ამაზე პროგნოზი ექიმებმა უნდა გააკეთონ, ხოლო რაც შეეხება განცხადებას იმის შესახებ, რომ მან მკურნალობა მიატოვა, გიპასუხებთ, რომ ამ წუთის მდგომარეობით პატიმარი სააკაშვილი მკურნალობას განაგრძობს და მისი სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია“, - განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება რომელიმე საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხს, კონსილიუმის ბოლო დასკვნის საფუძველზე ის ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. იუსტიციის მინისტრმა დასძინა, რომ კონსილიუმი პატიმართან ციხეში გუშინ იმყოფებოდა. ბრეგაძემ საუბრისას ასევე დააზუსტა, რომ არცერთ მათ დასკვნაში მითითებული არ არის კონკრეტული კლინიკა, თუ სად უნდა მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.
„გადაწყვეტილებას კლინიკის შესახებ, თუ სად უნდა იყოს გადაყვანილი პატიმარი, ბუნებრივია, ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე ციხის ადმინისტრაცია იღებს“, - დასძინა მინისტრმა.
მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობზე კვლავ უარი განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.