საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილს რომ კონკრეტული მოსამართლის გვარი და სახელი ეთქვა, ასეთი არაჯანსაღი ვითარება არ იქნებოდა.
აღნიშნული შეფასება გედევან ფოფხაძემ "TVპირველის" პირდაპირ ეთერში, მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებების კომენტირებისას გააკეთა.
"მგონია, რომ პაპუაშვილმა ამ მიზანს მიაღწია - საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე გახდა ეჭვმიტანილი იმაში, რომ ის არის ზეწოლის ობიექტი და არ აღიარებს ამ ზეწოლის ფაქტს. რეალობა ასეთია - თუ ადამიანზე ზეწოლა ხორციელდება, ყველაზე ადექვატურია, რომ ეს ზეწოლა ამ ადამიანმა აღიაროს. საკონსტიტუციო სასამართლოში სულ 9 მოსამართლეა, შესაბამისად, არ არის პრობლემა მივხვდეთ, ვის მიმართ შეიძლება ხორციელდებოდეს ზეწოლა. თუ მოსამართლე არ იტყვის, რომ ზეწოლა ხორციელდება, რეალურად ეს ქმნის ასეთ არაჯანსაღ ვითარებას.
თუ მართლა არის ზეწოლა, ეს უნდა დადასტურდეს, ამაზე საჭიროა მტკიცებულებები. მეც გამიგია და მსმენია, რომ გიორგი პაპუაშვილი ჩადის ოდესაში და ხვდება მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ვიდეომასალა, ან ფოტომასალა უნდა მქონდეს. საქმე იმაშია, რომ სამართლებრივ შედეგებს მე ვარაუდებზე ვერ დავაფუძნებ, თუმცა პოლიტიკური განცხადებები ვარაუდებზე შესაძლოა დაფუძნდეს",- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.