სამართალდამცველებმა ზუგდიდის ციხის ყოფილი დირექტორი, ამირან ჯანაშია დღეს დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მის გმირად წარმოჩენას ცდილობს, ძალიან პატარა მეხსიერება უნდა გვქონდეს, რომ არ გვახსოვდეს, მის მიერ პატიმრების მიმართ ჩადენილი სისასტიკე.
ამირან ჯანაშია 2009-2012 წლებში ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი იყო, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა პატიმრების მიმართ.
საქმეზე, რომლის გამოც ჯანაშია პასუხისგებაში იყო მიცემული, ათობით პირია დაზარალებულად ცნობილი.
როგორც ცნობილია, მისი უფროსობის დროს, ყოველდღიურად ხდებოდა პატიმართა წამება სხვადასხვა მეთოდებით.
სასამართლოზე დადგენილ იქნა, რომ 2009-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამირან ჯანაშიას მხრიდან სისტემატურად ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დაწესებულებაში შეყვანისთანავე ხდებოდა პატიმართა გაშიშვლება და მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.
ამირან ჯანაშია გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 -ე მესამე პრიმა მუხლით, რაც პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
2013 წელს დაკავებული იყო წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და არჩევნებში ნების განხორციელების ხელის შეშლის ფაქტზე.