ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია, რომელიც ამჯერად იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, წარსულში პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი იროდი შელია, რომელსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს იარაღი გაუვარდა და ზუგდიდის საპატიმროში იმყოფებოდა, „ქრონიკასთან“ საუბრისას ჯანაშიას მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ სასტიკი მოპყრობის ფაქტებს იხსენებს.
„2010 წელს ვიხდიდი ზუგდიდის ნომერ მეოთხე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს. ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შემემთხვა ინციდენტი და ამის გამო მოვხვდი ციხეში. ამირან ჯანაშია, ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი სისასტიკით გამოირჩეოდა. მისი პრინციპი იყო ეთქვათ, რომ ყველაზე მკაცრი ციხე იყო. ერთ დღეს, ე.წ. გასეირნებაზე მითხრა ირბინეო და არ ვირბინე, რის შემდეგაც უწმაწური სიტყვები წამომაძახა. თავისი დამქაშები ჰყავდა ციხეში და იმათ უთხრა, „ეცით მაგასო“, მთლიანი ცვლა დამასია და 30 კაცი ფიზიკურად გამისწორდა. ასე იქცეოდა ყოველდღე, სისტემატურად, საკნებიდან ყვირილის ხმა გვესმოდა ხოლმე“, - განაცხადა იროდი შელიამ.