logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ხვალ ძალიან მარტივი არჩევანი იქნება გასაკეთებელი - ერთ მხარეს დგას კახა კალაძე, მეორე მხარეს - ბოროტება გვარამიების, ქარდავების, მელიების სახით
- +

30 ოქტომბერი. 2021. 01:00

 

 

„ვფიქრობ, ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა ხვალ მისაღები. დარწმუნებული ვარ, თბილისელების უმრავლესობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქისთვის“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

კალაძემ ამომრჩევლებს მიმართა და მათ კიდევ ერთხელ მოუწოდა, ხვალ სწორი არჩევანი გააკეთონ. მერობის კანდიდატმა განმარტა, თუ რა და რას შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. მან „ნაცმოძრაობა“ ბოროტ ძალად მოიხსენია.

 

„ნიკა გვარამია გამოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ კალაძის პირადი მტერი ვარო და ყველაფერს გავაკეთებ, კალაძე გავანადგუროო. მე ეს გამოწვევა მიღებული მაქვს. ასე, რომ ყველაფერი წინ გვაქვს. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. თუკი რაიმე შეიძლებოდა ადამიანს მოეფიქრებინა, ყველაფერი მაკადრეს, მეც, ჩემს მეუღლეს, დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს მცირეწლოვან შვილებს, რომელთაც ბანერებზე წითელი საღებავები შეასხეს. გასაგებია ყველაფერი. ეს არის უბინძურესი ადამიანების სექტა, რომელსაც გვარამია ხელმძღვანელობს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას მივმართო: ერთ მხარეს დგას კახა კალაძე თავისი გუნდით, რომელიც გესაუბრებათ ქალაქის განვითარებაზე, აღმშენებლობაზე, სასიკეთო, მხარდაჭერითი პროგრამების განხორციელებაზე და მეორე მხარეს დგას ბოროტება - გვარამიების, მეგის ქარდავების, მელიების სახით. ვფიქრობ, ძალიან მარტივი არჩევანი იქნება გასაკეთებელი. რა გვინდა ჩვენ: გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, თუ გვინდა მუდმივი ჩაგვრა, ქაოსი, შეურაცხყოფა, უსამართლობა - თუკი რაიმე ცუდი არსებობს. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა ხვალ მისაღები. დარწმუნებული ვარ, თბილისელების უმრავლესობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner