logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჩნდება კითხვა- რა შინაარსის ზეწოლა შეიძლება მოახდინო მოსამართლეებზე?
- +

28 ივლისი. 2016. 22:54


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე, გია ვოლსკი, მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ გიორგი პაპუაშვილის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების დაუკმაყოფილებლობას უკავშირებს.




გიორგი  ვოლსკი 20 ივლისს, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას იხსენებს, რა დროსაც ვოლსკის თქმით, "გიორგი პაპუაშვილი  სამ მოსამართლესთან ერთად, სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილების მიღებას გეგმავდა". 




"20 ივლისს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა. 

 

ეს სარჩელი რომ დაკმაყოფილებულიყო, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი და ქაოტური სიტუაცია შეიქმნებოდა. 

 

სარჩელის განხილვისას ხმები გაიყო - 4 იყო წინააღმდეგი, ხოლო 4-მა მოსამართლემ, მათ შორის, პაპუაშვილმა, მხარი დაუჭირა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც შეეძლო, ქვეყანაში სერიოზული საგანგებო ვითარება შეექმნა. 

 

ხმების გაყოფის გამო, კანონის თანახმად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. "ნაციონალური მოძრაობის" ამ მიზნის გაწბილებას, მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ პაპუაშვილის განცხადება მოჰყვა. თუ რაიმე მსგავსი ფაქტი მოხდა, ეს რამდენიმე დღეში, ან რამდენიმე საათში ვერ მოხდებოდა. სწორედ ამ სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, ასეთი განცხადების გაკეთება მაფიქრებინებს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მიზნის განუხორციელებლობამ, სახელმწიფოზე შეტევის სხვა მიმართულებით წაყვანა განაპირობა. 

 

მოვლენების ასეთი ლოგიკური განვითარება აბსოლუტურად ნათლად იკითხება. 20 ივლისს, საქართველო პრაქტიკულად პოლიტიკურ კრიზისს გადაურჩა, რომლის შექმნასაც მოსამართლეები პაპუაშვილის მეთაურობით ცდილობდნენ. მე ვერ დავადანაშაულებ მათ სამართლებრივი საკითხების არცოდნაში, თუმცა რომ არა ეს გადაწყვეტილება, ხელისუფლება პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებოდა",- განაცხადა გიორგი  ვოლსკიმ.




საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო სასამართლოთი ვერ შეძლო გარკვეული მიზნების მიღწევა, ახლა კი, ჯერი სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციაზე მიდგა.




"ნაციონალური მოძრაობისთვის"  ბოლო იმედი იყო, რომ იქნებ, საკონსტიტუციო სასამართლოთი მაინც შემოეტანათ პოლიტიკურ ცხოვრებაში არეულობა. ახლა, სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა ის, რომ ისაუბრონ ზეწოლაზე. გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრე, ჩნდება კითხვა - რა მეთოდით, რა ფაქტებით, ან რა შინაარსის ზეწოლა შეიძლება, მოახდინო მოსამართლეებზე და რატომ არ ასახელებს პაპუაშვილი, ზეწოლის რა მეთოდებს იყენებს მისი თქმით ხელისუფლება?", - აცხადებს  ვოლსკი და აქვე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ეს საკითხი, პროკურატურამ დეტალურად შეისწავლოს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner