logo_geo
eng_logo
სუსის მიერ გავრცელებული ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტი, ალექსანდრე მილორავა ამბობს, რომ ბათუმში არჩევნებს აკვირდება, თუმცა, საარჩევნო უბანზე პროვოკაცია სცადა
- +

30 ოქტომბერი. 2021. 10:45

 

 

 

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მოპოვებული აუდიოჩანაწერის საუბრების მონაწილე, ალექსანდრე მილორავა ამბობს, რომ ბათუმში არჩევნებს აკვირდება, თუმცა, ის 52-ე უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს დახვდა და მთელი პროცესის განმავლობაში, მისგან ავტოგრაფს ითხოვდა. ჩიქოვანის შეფასებით, ეს პროვოკაციაა.

 

„ფოტოზე გამოსახულია მიხეილ სააკაშვილთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ტყვეობაშია. ფოტოზე ვხედავთ, რომ ძალიან მეგობრული შეხვედრა აქვთ სუფრასთან. მისი გუნდის წევრები დღეს სიძულვილის ენით გამოირჩევიან. მათ პირად ტყვეობაშია სააკაშვილი, ხოლო ეს ადამიანი მხარს უჭერს ამ პოლიტიკურ ტყვეობას. უბრალოდ, მინდოდა, რომ ამ ფოტოზე მოეცა ავტოფრაფი ბატონ არჩილს“, - თქვა მან ჟურნალისტებთან.

 

მომხდარს უპასუხა ბათუმის მერობის კანდიდატმა.

 

„ნაციონალური მოძრაობისგან“, ამ ბნელი ძალისგან, პროვოკაციები არ გვიკვირს. ბუნებრივია, მთელი დღის განმავლობაში, ისინი შეეცდებიან, რომ ადამიანის ნებაზე ზეგავლენა და სხვადასხვა მანიპულაცია სცადონ. დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტები სათანადოდ იქნება შეფასებული“, - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

 

მილორავას ჟურნალისტებმა სუსის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზეც ჰკითხეს, რის პასუხადაც, მან თქვა:

 

„ჩემს მეგობრებთან ერთად ყოველთვის განვიხილავ ხერხებს, როგორ შეიძლება გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ ჭრილში, შესაბამისად არახალია, რომ არ გვსურს გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ამ პოზიციას ღიად ვაფიქსირებთ. ეს არ არის ჩემი ხმა, ჩემი სახელი და გვარი სხვა ადამიანის ხმაზე არის დადებული", - აცხადებს მილორავა.

 

საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner