თბილისის საქალაქო სასამართლომ აიუფ ბორჩაშვილი დამნაშავედ ცნო და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
რაც შეეხება მასთან ერთად ბრალდებულებს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ხუტუნიშვილს 11-წლიანი, ხოლო დავით ფირისებიას 10-წლიანი პატიმრობა განესაზღვრათ.
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ აიუფ ბორჩაშვილმა დასკვნითი სიტყვისას განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არავითარი ცუდი ზრახვები არ ჰქონია.
„საქართველოს წინააღმდეგ არავითარი ცუდი ზრახვები არ მქონია. ვინც მიცნობს, ეს ყველამ კარგად იცის. უბრალოდ ვისურვებდი, რომ არ ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ დამნაშავედ შერაცხული", - განაცხადა ბორჩაშვილმა.
დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს აიუფ ბორჩაშვილთან ერთად დაკავებულმა კიდევ ორმა პირმა - დავით ფირისებიამ და გიორგი ხუტუნიშვილმა.
„ბიჭები მიდიან სირიის თავისუფალ არმიაში და ამ არმიას მხარს უჭერს ამერიკა. ჩვენთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს ამას „ისლამურ სახელმწიფოსთან", - განაცხადა ფირისებიამ.
პანკისელ აიუფ ბორჩაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს 17 წლის მუსლიმ კუშტანაშვილისა და 18 წლის რაზმან ბაღაკაშვილის სირიაში გამგზავრებას ედავებიან. ბრალდებულები 2015 წლის ივნისში დააკავეს. მათ ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და გადაბირება ედებათ.