საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ. მან პირველ საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.
„მჯერა, დღევანდელი დღე ოზურგეთში განახლებასა და წარმატებებს დაუდებს საფუძველს. ჩემი არჩევანი გავაკეთე. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს და მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებ. ერთად გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
მასთან ერთად, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა კანდიდატის ძმამ - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემაც.
ოზურგეთში დღეს არჩევნების მეორე ტური იმართება. მოსახლეობამ კონსტანტინე შარაშენიძესა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს ავთანდილ თალაკვაძეს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.
5 თვითმმართველი ქალაქის გარდა, მეორე ტური ტარდება 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში. ჯამში, საქართველოს მოქალაქეები დღეს 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.