„„ნაციონალურ მოძრაობის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე გეგმავს, მხარდამჭერებთან ერთად შევარდეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე და ხელი შეუშალოს ხმის დათვლის პროცედურას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„იცით, რომ პრაქტიკულად არის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვიმარჯვებთ 20-ვე საარჩევნო ოლქში, 20-ვე მუნიციპალიტეტში, მაგრამ ველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას. ალბათ ეს არ იქნება იმდენხნიანი პროცედურა, როგორც წინა შემთხვევაში, რადგან ერთ ბიულეტენზეა საუბარი და რიგ შემთხვევებში, ორ ბიულეტენზე. დარწმუნებული ვარ, უფრო მალე დათვლის ცესკო.
ახლა მე თქვენ მინდა, გამცნოთ „ნაცმოძრაობის“ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ. მათ შორის, პირველი ინფორმაცია, რომელი ჩვენთან შემოვიდა, არის ხელვაჩაურიდან, სადაც თუ არ ვცდები მიშა ბოლქვაძე, მერობის კანდიდატი „ნაცმოძრაობიდან“ გეგმავს, რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად შევარდეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე და ხელი შეუშალოს ხმის დათვლის პროცედურას. ვაფრთხილებ ყველას ძალიან მკაცრად, ნურავინ ეცდება ასეთ სიგიჟეებს. წაგებასაც უნდა ღირსეული შეხვედრა და დამარცხებასაც. მართალია, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გამარჯვებული და დამარცხებული გამარჯვებას ზეიმობს. ყველა გამარჯვებულია, „ნაცმოძრაობის“ მომხრეებიც გამარჯვებულები არიან, რადგან ისინი იცხოვრებენ რეალურად ისეთ ქვეყანაში, რომელიც მართლაც პროგრესისკენ მიდის, ევროპისკენ მიისწრაფვის, რომელშიც სტაბილურობა და სიმშვიდე იქნება, მომდევნო წლების განმავლობაში იქნება განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ამიტომ მათაც ვულოცავ.
ვთხოვ ყველას, ნუ აჰყვებიან ამ სულელურ ზრახვებში, იქნება ეს მიშა ბოლქვაძე თუ სხვა ადამიანი, რომელიც ასევე პროვოკაციას გადაწყვეტს, წყნარად, მშვიდად შეეგუონ იმ მარცხს, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ამ არჩევნების მეორე ტურში იწვნია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.