logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილმა ნანჩანგში გამართულ ბიზნესფორუმზე მოხსენება გააკეთა
- +

29 ივლისი. 2016. 10:25



პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით გამოვიდა ჩინეთის ქალაქ ნანჩანგში გამართულ ბიზნესფორუმზე, რომელიც საქართველოს საპარტნიორო ფონდის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის, ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოსა და „ძიანგსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის" ორგანიზებით გაიმართა.


ფორუმს სახელწოდებით „აბრეშუმის გზის ერთიანი ეკონომიკური სარტყელის პროექტის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთანამშრომლობის გაღრმავება", ქართველ გამომსვლელებთან ერთად დაესწრო 90-მდე  ჩინური კომპანიის წარმომადგენელი.


პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. მან ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, აგრეთვე შეღავათიან სავაჭრო რეჟიმებზე, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, აშშ-სთან, დსთ-სთან და მსოფლიოს სხვა წამყვან ინდუსტრიულ ქვეყნებთან ან სახელმწიფოთა გაერთიანებებთან. 


დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა თბილისში გამართულ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მესამე რაუნდსა და მის შედეგებზე. კერძოდ, მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდის ჩატარება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, შესაბამისად, ჩინეთსა და საქართველოს შორის 2016 წლის ბოლოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება სავსებით რეალურია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.


ზემოთაღნიშნული შეთანხმების შედეგად ჩვენ მნიშვნელოვნად ვზრდით სამომხმარებლო ბაზარს საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, მსოფლიო ბაზრის 1/3 შეადგენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს შესაძლებლობებს წარმოების მიმართულებით და მოგიწოდოთ, რომ გააფართოვოთ და გახსნათ საწარმოები ჩვენთან და განახორციელოთ ექსპორტი ყოველგვარი სირთულეების და ზედმეტი გადასახადების გარეშე სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის ევროპის 500 მილიონიან მაღალ შემსყიდველუნარიან ბაზარზე", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.


გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობას აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ინიციატივის ფორმატში. მისი განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა გზას უხსნის თვისობრივად ახალი ტიპის თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობის ოპტიმიზაცია, ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კოოპერაციის ხელშეწყობა, საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერება და სხვ.


ბიზნეს-ფორუმზე მოხსენები გააკეთეს აგრეთვე ჩინეთის ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ლიუ ჩანგ ლინმა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.


ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებმა მოისმინეს პრეზენტაციები საქართველოს ცალკეული საინვესტიციო პროექტების თაობაზე, რომელთა ჯამური ღირებულებაც რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარია. გაკეთდა სექტორული პრეზენტაციები, რომლის დროსაც ჩინური მხარე გაეცნო დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურაში, უძრავი ქონების სექტორში, ტურიზმში, სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი საინვესტიციო პროექტების შესახებ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner