თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ ძალიან ადვილია, იყო მეგობარი, როდესაც ყველაფერი კარგად არის; მეგობრობა კრიტიკულ პერიოდში ვლინდება და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო თურქეთის სტრატეგიული პარტნიორია.
ელჩის შეფასებით, ეს იყო ისტორიული ვიზიტი, რომელსაც სიმბოლურთან ერთად, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი თურქეთში ყველა ჩვენგანისთვის ბევრს ნიშნავდა. ბატონი კვირიკაშვილი იყო პირველი მაღალი რანგის პირი, რომელიც მაღალი რანგის დელეგაციით ჩავიდა ანკარაში. დელეგაციის შემადგენლობაში შვიდი მინისტრი იმყოფებოდა, მათ შორის პირველი ვიცე-პრემიერი. ძალიან ადვილია, იყო მეგობარი, როდესაც ყველაფერი კარგად არის. მეგობრობა კრიტიკულ პერიოდში ვლინდება და პრემიერ კვირიკაშვილის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. თურქეთ-საქართველოს მეგობრობა სამუდამოა. ჩვენ ამას არ დავივიწყებთ და ამიტომაც ვუწოდეთ ამ ვიზიტს ისტორიული, რადგან მას გააჩნია სიმბოლური და პოლიტიკური დატვირთვა, იქიდან გამომდინარე, დროის რა მონაკვეთში შედგა ის", - განაცხადა ელჩმა.
დიპლომატის თქმით, ვიზიტის ფარგლებში შინაარსობრივად ძალიან მაღალი დონის შეხვედრები და დისკუსიები გაიმართა, შედგა თურქეთ-საქართველოს სტარტეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა და ხელი მოეწერა ხუთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, ეკონომიკის, სოციალური დაცვის, გარემოს დაცვისა და იურიდიულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
„ასევე, მივიღეთ ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური კომისიის დაარსების გადაწყვეტილება, განვიხილეთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ვფიქრობთ, როგორ გავაუმჯობესოთ ის, რათა ორივე ქვეყნისთვის დამატებითი სარგებლის მომტანი იყოს. ამიტომაც, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს იყო ისტორიული ვიზიტი", - განაცხადა გუმრუქჩუმ.