„რამდენი ხალხიც უნდათ იმდენი რომ გამოიყვანონ, ჩვენ მას ვერტმფრენითაც კი გადავიყვანთ და ბუნებრივია, იქ ხელს ვერაფრით შეგვიშლიან. ვერტმფრენით გადავიყვანთ მე-18 დაწესებულებაში, როგორც უკვე ვთქვი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ პატიმარ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
ბრეგაძემ სუს-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი გაიხსენა, რომლის თანახმადაც პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, შესაძლოა პრობლემები შექმნილიყო.
„მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ როდესაც ჩვენ პატიმრის გადაყვანას ვახორციელებთ, ყველა სცენარს წინასწარ გავდივართ. ჩვენ გვაქვს ყოველთვის სრული მზადყოფნა და თუკი ვინმე გაბედავს მსგავსი რამის გაკეთებას, ბუნებრივია, პასუხი იქნება ძალიან ადეკვატური და მკაცრი. თუ ამას გაბედავენ, ისინი კანონის წინაშე სრული სიმკაცრით პასუხს აგებენ.
რამდენი ხალხიც უნდათ იმდენი რომ გამოიყვანონ, ამ შემთხვევაში ყველა დამნაშავე იქნება, ჩვენ მას ვერტმფრენითაც კი გადავიყვანთ და ბუნებრივია, იქ ხელს ვერაფრით შეგვიშლიან. ვერტმფრენით გადავიყვანთ მე-18 დაწესებულებაში, როგორც უკვე ვთქვი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.