„სევდა უფრო მეტია ცხოვრებაში"
თავის მოგონებებში კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე წერდა: „ბევრი სპექტაკლი გამიფორმებია მუსიკალურად, დამიწერია სიმღერები ფილმებისთვის. ერთ ფილმში საჭირო იყო ქურდი კაცის სიმღერა დამეწერა... მეც დავწერე პეტრე გრუზინსკის ლექსზე „ასეთია ქურდი კაცის ბედი". მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ სიმღერას ასე აიტაცებდნენ. არ დაიძრა მთელი კრიმინალური სამყარო ჩვენკენ? მოდიოდნენ ჩემთან ავტორიტეტები, ატანდნენ მოსაკითხს... რამდენჯერმე მოსულან და უთქვამთ, თქვენ ოღონდ გვითხარით და თუ ვინმე მოსაკლავია, დღესვე მოკვდებაო... არავინ მყავს მოსაკლავი და მე ხომ არ მომკლავთ-მეთქი, - ვპასუხობდი. ხან ღამეც მოსულან ჩემთან... ახლა ამ სიმღერის გამო მგონი ძლივს გადავრჩი აკრძალვას. თვითონ სიმღერა კი აუკრძალავთ... აკრძალონ, რა ვქნა, როგორიც ვარ, ეგეთი ვარ, რაც უნდა თქვან ჩემზე, ვერაფერს დამაკლებენ".
ბიძინა კვერნაძე 1928 წლის 29 ივლისს სიღნაღში დაიბადა. მამა, ალექსანდრე კვერნაძე აფთიაქის გამგე იყო. დედა - ნინო ნადირაშვილი, მუსიკის მასწავლებელი. ერთხანს თბილისში, ზაქარია ფალიაშვილთან მეცადინეობდა, შემდეგ სწავლა გერმანიაში განაგრძო. 5 წლის იყო ბიძინა, დედა რომ გარდაეცვალა. „დედა მუსიკოსი იყო, გერმანიაში განათლებამიღებული. თურმე სულ ოცნებობდა, კომპოზიტორი გავმხდარიყავი. 31 წლის გარდაიცვალა. მე არ მახსოვს დედა... თითქოს ბუნდოვნად ვხედავ ვიღაც გარდაცვლილი ქალის სახეს, მაგრამ დედა იყო თუ არა, არ ვიცი... დედა რომ არ მყავდა, ამის გამო ბევრჯერ მიტირია, გულჩათხრობილი ვიყავი... მწარეა ობლობა".
17 წლისა ნიჭიერთა ათწლედის ბაზაზე გახსნილ სკოლა-ინტერნატში ჩაირიცხა. მას ინსტრუმენტად კონტრაბასი ერგო. სწორედ მაშინ გამოჩნდა ქალბატონი ტერეზა არონიშიძე, ვინც მის მუსიკალურ ბიოგრაფიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. „მუსიკალურში რომ ვიყავი, რატომღაც გული ავიცრუე და თავს ვანებებდი. ჩემმა პედაგოგმა, ტერეზა არონიშიძემ სულ ძალით გამაჩერა. მაშინ ჯარში მიჰყავდათ ჩვენი თაობის ახალგაზრდები და მეც უკვე მინდოდა ჯარისკაცობა. კიდევ კარგი, დამაკავეს, თორემ ახლა სადმე კარტოფილის გამფცქვნელი ვიქნებოდი... მუსიკა რომ არა, სხვა რა უნდა მეკეთებინა? რაკი გაუწაფავი ვიყავი, იმდენს ვმეცადინეობდი დაკვრაში, ხელები გამიშეშდა, ახლაც ატროფირებული მაქვს ცალი ხელი მაშინდელი დიდი დატვირთვის გამო. დღე და ღამე ვმუშაობდი. სამი წელი ამოსუნთქვის დრო არ მქონია... აბა, ისე როგორ გინდა... ბიჭისგან გასაკვირია ასეთი შრომისმოყვარეობა? სულაც არა.
აბა ნიჭი რა არის? შრომისმოყვარეობა ნიჭიერების ნაწილია. მუზაო, რომ იტყვიან... რა მუზა, რის მუზა! უნდა იჯდე და მუშაობდე და მაშინ მოგივა მუზაც და მაშინ მიაგნებ, რასაც ეძებ".
1948 წელს ბიძინა კვერნაძემ საგამოცდო კომისიას წარუდგინა თავისი ნაწარმოებები და იგი ფრიადოსნის ნიშნით ჩაირიცხა კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიციო ფაკულტეტის პირველ კურსზე.
1953 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კლასი (პედაგოგი ანდრია ბალანჩივაძე). მისი სადიპლომო ნაწარმოები, სიმფონიური პოემა „შემოღამება მთაწმინდაზე" (ნიკოლოზ ბარათაშვილის მიხედვით) შესრულდება საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მიერ ზ. ხუროძის დირიჟორობით.
იმავე წელს საკავშირო კომპოზიტორთა კავშირის წევრად მიიღეს.
„კონსერვატორია რომ დავამთავრე, ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელმა დორიან კიტიამ დამიძახა თავისთან... მერე მიშა თუმანიშვილმა გამაფორმებინა მუსიკალურად „ჭინჭრაქა"... დიდი ამბავი ატყდა, ყველას მოსწონდა. სპექტაკლს სპექტაკლი მოჰყვა. მუსიკალურად გავაფორმე „ამბავი სიყვარულისა", „თეთრი ბაირაღები", და მერე კიდევ რამდენი! ასე წავიდა საქმე წინ..."
1959 წელს ჩატარდა ამიერკავკასიის მუსიკალური გაზაფხული, რომელზეც წარმატებით შესრულდა კვერნაძის სავიოლინო კონცერტი. არამ ხაჩატურიანის რეკომენდაციით, კონცერტი ვენაში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე გაიგზავნა, სადაც კვერნაძე სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა. ამავე წელს დაიწერა ცეკვა-ფანტაზია სიმფონიური ორკესტრისათვის, რომელიც სავიოლინო კონცერტთან ერთად ბევრჯერ აჟღერდა აშშ-ში, შვეიცარიაში, პოლონეთში, უნგრეთში და სხვ. ამ სიმფონიისათვის კომპოზიტორმა საკავშირო კონკურსის პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო. იგი შეიტანეს ერთტომეულში „ორმოცდაათი საუკეთესო სიმფონია".
ბიძინა კვერნაძის რჩეული ქმნილებებია: „ჩვენისთანა ბედნიერი", „მედეა", „უკვდავება", „სადღესასწაულო უვერტიურა", ძველი ქართული წარწერები - ტენორისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, სიმფონია დიდი სიმებიანი ორკესტრისათვის. მას შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის „დათა თუთაშხია", „ზაფხულის ღამის სიზმარი", „მე ვხედავ მზეს".
1981 წელს მიენიჭა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია. 1985 წელს შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
„სევდიანი ვარ?.. ასაკის გამო კი არ გავხდი სევდიანი, ყოველთვის სევდიანი ვიყავი. ერთხელ მულტფილმისთვის მუსიკის დაწერა მთხოვეს. მოუსმინეს და ეს რა სევდიანია, ჩვენ თქვენი იუმორი გვინდაო... იუმორი კარგია, მაგრამ ეგრე სად არის... სევდა უფრო მეტია ცხოვრებაში...
...რა მენატრება? მენატრება ქართულ სოფელში გასვლა, ბრძენი გლეხის მოსმენა. ქართველი გლეხი ჩემთვის თავისებური მუსიკაა, ისე, როგორც ყველაფერი ჩემს ირგვლივ. სამყაროს კარგად უნდა დაუგდო ყური და გამოკენკო იქიდან შენი მუსიკა".
2010 წლის 8 ივლისს ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა. 11 ივლისს იგი დაკრძალეს დიდუბის ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
2003 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ბიძინა კვერნაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.