მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ვაქცინაციის დაწყებამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეანელა, თუმცა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა შესაძლოა, აღრიცხულზე გაცილებით მაღალი იყოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებზე ორჯერ ან სამჯერ მაღალი იყოს.
ამასთან, ზოგიერთ ქვეყანაში ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა კვლავ იზრდება.
ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ აშშ-ში „კოვიდ-19“-ს 745 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გლობალური მასშტაბით გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 250 მილიონამდე შემთხვევა.