„რატომ გვიკვირს, დესტრუქციას რომ აპირებენ, საქართველო ხომ 90-იანი წლებიდან ამათი გავლენის ქვეშ ცხოვრობს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
„ჯერ „მოქალაქეთა კავშირში“ იყვნენ მოწინავე პოზიციებზე, შემდეგ 2003-დან 2012 წლამდე უამრავი ოჯახი დააქციეს და საქართველოს ინტერესებს გადაუარეს, მათ შორის, ტერიტორიების დაკარგვით. ახლა კიდევ დესტრუქცია უნდათ, არეულობა და დესტაბილიზაცია, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ორიენტირება იმაზე, რომ როგორმე, ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ, მით უმეტეს, ამხელა გამოწვევების ფონზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატების შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას გაიზიარებს და მანდატების შეწყვეტას მოითხოვს, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მანდატების შეწყვეტას პირადად, მხარს დაუჭერს და მიესალმება იმას, თუ ვინმე აღმოჩნდება ისეთი, ვინც კონკრეტული პირისგან, მიხეილ სააკაშვილისგან წამოსულ აგრესიულ შანტაჟს არ დაექვემდებარება.
„ქვეყანა არ უნდა მიატოვო, ეს არის მთავარი და ამას გავაკეთებთ. ალბათ, გუშინდელ დღეს უნდა ჩაბარდეს ეს, თორემ რამდენი უნდა ვილაპარაკოთ ვთქვათ, კონკრეტულ პატიმარზე, ამ დესტაბილიზაციის გეგმებზე? დესტაბილიზაციაა ქვეყანაში და არ არის ინვესტიცია, არ არის ინვესტიცია, არ არის სამუშაო ადგილები, არ არის ბიზნესი, ლარის კურსი ირყევა და ბოლოს და ბოლოს, ამის ასე მიტოვება არ შეიძლება. ასე რომ, უნდა ვიმუშაოთ იმ გეგმებზე, რაც დავსახეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პარტიულ მოწინააღმდეგეს ჰყავს გულშემატკივრები, რომლებსაც არეულობა არ უნდათ, რადგან მათ უკან ოჯახები დგანან და ხელისუფლების ვალდებულებაა, ყველა მოქალაქეზე იზრუნოს, იმის მიუხედავად, ვინ ვის დაუჭირა მხარი.
„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, საკრებულოებში თემების განხილვა არ მოხდეს, პროექტები და სტრატეგიული მიმართულებები არ განვითარდეს და თემები არეულ-დარეული იყოს. აი, ამაზეა მოწოდებული ეს ერთი კონკრეტული ძალა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ – 45%-ია, 43 თუ 15%, იმ ხალხსაც უნდა ემსახურო, იმ გეგმებით, ბიუჯეტით და პროექტებით, რომელიც გაქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.