„სააკაშვილმა კი არ უნდა იშიმშილოს, თავისი ცოდვები უნდა მოინანიოს, რაც ჩაიდინა, თვალებში ჩაგვხედოს ჩვენ, ვისაც დაგვიხოცა ძმები, შვილები, ქმრები. უტიფარმა ბოდიში მაინც მოიხადოს“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მუხროვანის ამბოხის შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა განაცხადა.
კრიალაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას გამოეხმაურა.
„სააკაშვილი არანაირად არ შიმშილობს. 33 დღე ეს მსუნაგი ვერ იშიმშილებს. თაფლიან წყლებს თუ სვამს და ვიტამინებს იღებს, ამას შიმშილი არ ჰქვია. შიმშილი ცოტა სხვა რაღაცაა. კი არ უნდა იშიმშილოს, თავისი ცოდვები უნდა მოინანიოს, რაც ჩაიდინა, თვალებში ჩაგვხედოს ჩვენ, ვისაც ძმები, შვილები, ქმრები დაგვიხოცა. ბოდიში მაინც მოიხადოს უტიფარმა. ის კი არ უნდა დააანონსოს იქიდან, მოდით, ციხე აიღეთ და გამათავისუფლეთო. მას არავინ გაათავისუფლებს. სააკაშვილს გვერდით კიდევ ბევრი უნდა მიუჯდეს, მისი თანამზრახველები, მაშინ დავწყნარდებით ყველა“, – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.
კრიალაშვილი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდეს.
„ძალიან აღშფოთებული ვარ. დესტრუქციული ძალა აქციებს კვლავ აგრძელებს და უნდათ, თავიანთი ნაბოდვარი ხალხს თავს მოახვიონ. ვფიქრობ, მათ არანაირი ნამუსი არ გააჩნიათ. შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი თავიანთ დორბლიან ბელადთან ერთად. ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ხალხმა საბოლოოდ დავანახეთ, რომ აღარ გვინდა, ეს სისხლისმსმელები კვლავ ხელისუფლებაში იყვნენ, გვინდა, პოლიტიკას საერთოდ მოსცილდნენ და პოლიტიკური ველიდან გაქრნენ. ჩვენ, ხალხმა ჩვენი საქმე გავაკეთეთ უკვე და „ნაცმოძრაობას“ საბოლოოდ უარი ვუთხარით, ახლა ხელისუფლებაზეა ჯერი მიმდგარი. აქციების დროს თუ რაიმე დესტაბილიზაციას ააგორებენ, მათი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები მაშინვე უნდა იქნას აღკვეთილი. ესენი თუ სათანადოდ არ დაისაჯნენ და კვლავ კოჰაბიტაცია გაგრძელდა, საქართველო არასდროს დაწყნარდება, ყოველთვის ამ ბრძოლის რეჟიმში ვიქნებით. ხალხი დაიღალა. ბევრისგან მესმის, რომ დაიღლანენ, სულ დაძაბული ცხოვრება აღარ უნდათ. მშვიდობა ხომ უნდა გვეღირსოს? მაგრამ სანამ „ნაცმოძრაობა“ იბოგინებს, ალბათ, საქართველოს მშვიდობა არ ეღირსება. მგონი, ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს და მათ პასუხს მოსთხოვს. მათი გზა უნდა მიდიოდეს რუსთავში, იქ, სადაც მათი ბელადი ზის.
9 წლის განმავლობაში რამდენი მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, რამდენი მკვლელობა. ქვეყანას უღალატეს, მიწები გაყიდეს, ამდენი მიწა ჩააბარა სააკაშვილმა რუსეთს და აქეთ ჩემს ძმას აბრალებდნენ რუსეთის აგენტობას. ბოლოსდაბოლოს, გამოჩნდა, ვინც არის რუსეთის აგენტი და ქვეყანას ვინც ღალატობს.
სიმბოლურია, ბოლო არჩევნები 30 -ში რომ ჩატარდა და „ნაცებს“ უარი ვუთხარით, ჩემი ძმის დაბადების დღეს დაემთხვა. თუ „ნაცები“ ხელისუფლებამ კიდევ ვერ დაასრულა, მაშინ ხალხი, ალბათ, სხვანაირად იმოქმედებს. უნდა დასრულდნენ. როდემდე შეიძლება, ვუყუროთ უგულავას, ბოკერიას, თარგამაძეს, უტიფარ ბარამიძეს? როდემდე შეიძლება ამათი ცქერა? ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი.
18 წელია, ამ ქვეყანას „ნაცები“ აჯანჯღარებენ და მათი ბოგინი აღარ დასრულდა. მე მგონი, უნდა დაასრულოს ხელისუფლებამ. უკვე მერამდენედ ენდო ხელისუფლებას ქართველი ხალხი. მათ ეს ნდობა უნდა გაამართლონ. ბატონი პრემიერის დიდი იმედი მაქვს. არ ვმალავ, „ქართულ ოცნებას“ ხმა მხოლოდ პრემიერის გამო მივეცი. მას ყოველთვის გვერდით დავუდგები. ის მართლა ვაჟკაცი და ქართველი ადამიანია, რომელიც საქართველოზე იზრუნებს და ხალხს მიხედავს”, – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.