logo_geo
eng_logo
რომელი ქვეყნის ადვოკატების დაშინება დაიწყო რუსეთმა
- +

2 ნოემბერი. 2021. 16:06

 

დანაშაული, სისასტიკე, სიცრუე, სიყალბე და შემდეგ დაშინება - ეს კრემლის ხელწერაა, რომელიც კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა. როგორც ირკვევა, „მალაიზიური ბოინგის“ MH17-ის კატასტროფის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის მონაწილე ადვოკატები დაშინების და თვალთვალის ობიექტები გახდნენ. ნიდერლანდების ანტიტერორისტულმა სააგენტომ ამ ადვოკატებს შეატყობინა, რომ სავარაუდოდ დაშინების მცდელობების უკან რუსეთი დგას. როგორც ირკვევა, ადვოკატები, რომლებიც 298 დაღუპული ადამიანის ოჯახების ინტერესებს იცავენ, დაშინების მსხვერპლები ბოლო პერიოდში გახდნენ, მას მერე, რაც სასამართლო განხილვების აქტიური ფაზა დაიწყო. მათ ახლა სახელმწიფო განსაკუთრებულ და გაძლიერებულ დაცვას სთავაზობს. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, დონბასის ცაში „ბუკის“ ტიპის რაკეტით 2014 წელს ჩამოაგდეს. 298 ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა, მათ შორის უამრავი ბავშვი იყო. დაღუპულები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

 

 

რატომ იქცევა ასე რუსეთი

 

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის (JIT )აზრით, ეს უდანაშაულო ადამიანები  პრორუსი სეპარატისტების მიერ ნასროლ რაკეტას შეეწირნენ. ამ საბედისწერო გასროლამდე რამდენიმე საათით ადრე  „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ახლომდებარე რუსული სამხედრო ბაზიდან გადმოიტანეს, გასროლის შემდეგ კი ადგილზე დააბრუნეს და ამგვარად კვალის წაშლას შეეცადნენ.  ნიდერლანდების სასამართლო საკუთარი კანონმდებლობის მიხედვით მართავს ჰააგაში სასამართლო პროცესს, რომელზეც ბრალდებულად ცნეს რუსეთის სამი და უკრაინის ერთი მოქალაქე, რომლებიც სეპარატისტების არმიაში საკვანძო ფიგურები იყვნენ და მათი შემხებლობა რუსული ბაზიდან  „ბუკის“ გამოტანაში, მრავალი უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება. თუმცა,  კრემლი წლებია უარყოფს, რომ რაიმე სახით მონაწილეობა აქვს მიღებული უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში და მით უფრო რუსული ბაზიდან სამხედრო შეიარაღების „თხოვებას“ სეპარატისტებისთვის. თავისი პოზიციის დასამტკიცებლად, კრემლი წლების განმავლობაში მრავალფეროვან პროპაგანდისტულ ხერხს იყენებდა, უამრავჯერ შეცვალა ტაქტიკა, განცხადებების რიტორიკა და სიყალბის უდიდესი ნიაღვარი აფრქვია MH17-ის კატასტროფის საქმეზე. ახლა კი, როგორც ჩანს, რაც უფრო ახლოვდება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა, კრემლი თავდაცვის უფრო აგრესიულ მეთოდებზე გადადის- მსხვერპლთა ოჯახების უფლებადამცველების დაშინებაზე გადავიდა. 

 

 

ადვოკატების ჯგუფის წევრები, რომლებიც ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე გამოდიან, ღიად ამბობენ, რომ მათზე თვალთვალი განხორციელდა მაშინ, როცა ისინი სასამართლოს შენობიდან სახლში ბრუნდებოდნენ, ხოლო მათი მისამართებით საეჭვო ადამიანები დაინტერესდნენ. ნიდერლანდების ტერორიზმთან ბრძოლის სააგენტოს წარმომადგენელმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „პრინციპში, ყველა მხარე, რომელიც ამ სასამართლო პროცესში მონაწილეობს, ფიზიკური და ციფრული საფრთხეების არსებობას აცნობიერებს“. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ კონკრეტულ  ზომებზე, რომლებიც ამ ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად უკვე გატარდა, ვერ  ისაუბრებს.

 

 რამდენიმე დღის წინ, ჰააგის საოლქო სასამართლომ  90 დაღუპულის ოჯახის წევრების მიმართვებს მოუსმინა, ისინი 8 ქვეყნის მოქალაქეები არიან. ეს ადამიანები იმედოვნებენ რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს- დაისჯებიან არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც „ბუკი“ სამგზავრო თვითმფრინავს ესროლეს, არამედ სახელმწიფოც, რომელმაც ამ სასტიკ დანაშაულს ხელი შეუწყო და შემდეგ ამის აღიარება არაფრით არ მოინდომა.

 

ნიკოლოზ კვარაცხელია

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner