logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე სააკაშვილზე: რომელ უფლებების შეზღუდვაზეა საუბარი, როდესაც პოლიტიკურ განცხადებას განცხადებაზე აკეთებს და მოქმედი ხელისუფლების შეცვლის ინსტრუქტაჟს უგზავნის მხარდამჭერებს ციხის საკნიდან?
- +

3 ნოემბერი. 2021. 03:00

 

 

„სახელმწიფო გადატრიალება სხვა ქვეყნებშიც მომხდარა, და დღეს მათი ნაწილი წარმატებული ქვეყნების რანგში გადის, მაგრამ სამხედრო გადატრიალების გზით ხელისუფლების დამხობა, დამოუკიდებლობის მომტანი პრეზიდენტის ქვეყნიდან გადახვეწა, დაბრუნება და დევნა, მისი მოკვდინებით არსად“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

 

"პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობის საქმის არ თუ ვერ დასრულების საკითხი, დღემდე ხუნდივით აწევს ქართული სახელმწიფოს ისედაც ჯერ კიდევ მყიფე სხეულს და მის განვითარებასაც სერიოზულად აფერხებს, მათ შორის აფხაზეთის და ცხინვალის საკითხის გადაწყვეტის თვალსაზრისითაც.

 

მაგრამ რა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას და მის დღევანდელ მდგომარეობას პრეზიდენტ გამსახურდიას ხვედრთან, რაზეც ხდება აქცენტების გადატანა, ცოტა გაუგებარია და ბევრი არც არაფერი. საქართველოს ტრაგიკულ მოვლენებთან თუ ანალოგზე მიდგა საქმე ისევ ჩილე უნდა მოვიყვანოთ, როდესაც ჯერ ბლოკადის, შემდეგ კი გარედან (იგულისხმება აშშ) სამხედრო კომპონენტის დახმარებით და ადგილობრივი რენეგატების ხელშეწყობით, გენერალ პინოჩეტის ჯარებმა დაამხეს ხალხის მიერ არჩეული სოციალისტი პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე, რომელიც არ დანებდა და პრეზიდენტის სასახლის აღებისას ერთგულ გვარდიელებთან ერთად ჩახოცეს.

 

დღეს სააკაშვილს არც სამეგრელოს ტყეებში დევნის ვინმე, პირიქით მისმა პარტიამ სულაც გაიმარჯვა წალენჯიხაში, და არც მისი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრა უნდა იყოს გასაკვირი. როდესაც ის აქ დაბრუნდა ისედაც უნდა სცოდნოდა, რომ იმ საქმეებით რასაც მას ედავებიან გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა. პროტესტის ნიშნად შიმშილობაც მისი არჩევანი იყო.

 

დღეს, მისი უსაფრთხოება დაცული რომ არ იყოს, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმაღლეს დონეზე არ კონტროლდებოდეს, დარწმუნებული იყავით, მკვეთრი განცხადებები ვაშინგტონიდანაც გაკეთდებოდა და ბრიუსელიდანაც და არც პრემიერ ღარიბაშვილს მიიწვევდნენ უსაფრთხოების გლობალურ სამიტზე.

 

ისე, რომელ უფლებების შეზღუდვაზეა საუბარი, როდესაც პოლიტიკურ განცხადებას განცხადებაზე აკეთებს და მოქმედი ხელისუფლების შეცვლის ინსტრუქტაჟს უგზავნის მხარდამჭერებს ციხის საკნიდან? საჭიროების დადგომისას თუ რომელ კლინიკაში უნდა მოხდეს მისი გადაყვანა, ეს საკითხიც იმის გადასაწყვეტია ვინც მის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი ანუ ცალსახად ხელისუფლების პრეორეგატივას წარმოადგენს.

 

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ესეც პირველ რიგში ისევ მიხეილ სააკაშვილის ინტერესში უნდა შედიოდეს, მით უმეტეს, როდესაც თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

 

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ქართული სასამართლოს მიმართ არსებული სკეპტიციზმისა, დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ობიექტურ პროცესს უზრუნველყოფს, რადგან აქ არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების პრესტიჟი, არამედ მთლიანად ხელისუფლების პრესტიჟიც დგას.

 

 "ქართული ოცნება" არც იმდენად მიამიტი ან პოლიტიკურად უმწიფარია, რის წარმოჩენასაც მისი კრიტიკოსები ასე ცდილობენ, რომ ეს რისკები არ ჰქონდეს გათვლილი და ქვეყანა გრძელვადიან პოლიტიკურ კრიზისში გადაჩეხოს!", - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner