logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: ყველა მიიღებს დამსახურებისამებრ, ამხანაგო ვალერი, თქვენც, მათ შორის!
- +

3 ნოემბერი. 2021. 14:35

 

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ვალერი გელბახიანის შესახებ წერს:

 

„ძველი წყენა დავივიწყეთ - სააკაშვილს ახლა მძიმე დღეები აქვს და თანადგომას ითხოვს ყველასგან, მათ შორის, მეც ვალდებული ვარ, გვერდში დავუდგე“, - ბრძანა ვალერი გელბახიანმა.

 

2012 წლის მარტში გავრცელებული ინფორმაციიდან ამონარიდი: „ვალერი გელბახიანი საქართველოს შსს-ს მიერ ძებნილი იყო. ის საქართველოში დედის ავადმყოფობის გამო დაბრუნდა და სომხეთის საზღვარზე დააკავეს, მოგვიანებით კი - გირაოს თანხის - 50 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ, გელბახიანი საჩხერეში წავიდა. მას დედა გარდაეცვალა“.

 

დედაზე წინ კაცმა სააკაშვილი დააყენა - დედაზე წინ!

 

რა უნდა თქვა ასეთ დროს? არც რა.

 

ისტორია:

 

ეს ისტორია, რომელსაც ახლა კითხულობთ, 2005 ან 2006 წელს მოხდა.

 

ბ. ნ-ია, სიმაღლით 1.92. ქერა, ულამაზესი ბიჭი, ჩემი თანამშრომლის ცოლის ნათესავი, გაჩერებაზე იდგა.

 

ვიღაც გოგო მივიდა მასთან და სახელი ჰკითხა.

 

მოკლედ, გააცნო თავი და ეუბნება, ცოტა ხანი დამელოდე, ახლავე მოვალო.

 

დაელოდა...

 

ცოტა ხანში პოლიცია მივიდა გაჩერებასთან და ბ-ა დააკავეს.

 

აი, იმ გოგოს, გაჩერებაზე რომ გაეცნო, დაყაჩაღება წაუყენეს ბრალად.

 

სასამართლო პროცესზე ბ-ას დეიდაშვილები, ასევე ორმეტრიანი ბიჭები (ერთი ექიმი, ახლა ისრაელშია, ძალიან ცნობილ კლინიკაში მუშაობს. მეორე ეკონომისტი, ერთ-ერთ დიდ კომპანიაში მუშაობს), მივიდნენ.

 

პროცესის დაწყებამდე დარბაზში მყოფმა „დაზარალებულმა“ დაიყვირა, აი, ესენი ახლდნენ „ბრალდებულსო“.

 

პროკურორმა ორივე გაიყვანა დარბაზიდან, აქედან წადით, თორემ დაგიჭერთო.

 

გაოცდნენ ბიჭები, ან ბ-ა რატომ დააკავეთ, ან ჩვენ რას გვერჩითო.

 

მოკლედ, წავიდნენ.

 

ბ-ა გაასამართლეს.

 

ერთ-ერთი სხდომის შემდეგ მამა ეუბნება შვილს, „დაზარალებული“ 1000 დოლარს ითხოვს და მოდი, მივცემ ფულს და გაგიშვებენო.

 

რისთვის უნდა მისცე ფული, ან მე რა ვაღიაროო, - გადაირია დაკავებული.

 

ერთ-ერთი პროცესის დაწყებამდე, ბ-ას მამა სასამართლოსთან გადასასვლელზე გადადიოდა, მანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

 

დაკრძალვას დაასწრეს დაკავებული.

 

მოკლედ, 8 წელი მიუსაჯეს და პროცესის ბოლოს პროკურორს რომ უთხრა, ხომ იცი, ალალ-მართალი ვარ, რომ გამოვალ, სადმე რომ შემხვდები, არ შეგრცხვებაო?

 

პროკურორმა - ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვერ გამოხვიდეო.

 

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ბ-ა გაათავისუფლეს.

 

დღეს ეს ორმეტრიანი „კრასავჩიკი“ ხან ფსიქიატრიულშია, ხან - სახლში.

 

ძალიან არეული და გაუბედურებული გამოვიდა...

 

„ძებნილი“ გელბახიანი „ძებნის“ პროცესში ინტერვიუებს იძლეოდა - ჟურნალისტები პოულობდნენ, „მაძებრები“ - ვერა.

 

რომ გაათავისუფლეს, კოდუამ (როგორც ამბობენ) მიაცილა სახლამდე.

 

დედის უბედურება აპატია სააკაშვილს - დედის!

 

ჰოდა, გელბახიანმა აპატია მიშას ბ-ას გაუბედურებაც, ეს ორმეტრიანი კაცი, საჯიშე ბიჭი უშვილძიროდ რომ დადის სახლსა და ფსიქიატრიულს შორის.

 

ჩვენ გვეჩქარება, უფალს - არა.

 

ყველა მიიღებს დამსახურებისამებრ, ამხანაგო ვალერი, თქვენც, მათ შორის!“ - წერს დარეჯან მეფარიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner