logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ტაილანდის მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
- +

3 ნოემბერი. 2021. 17:58

 

 

საქართველოს პროკურატურამ ტაილანდის მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 ოქტომბერს, ბრალდებული თბილისში, გ.ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონში, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ტრანსგენდერების მოკვლის მიზნით მივიდა, სადაც ერთ-ერთ ტრანსგენდერ თანამშრომელს თავს დაესხა და სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, სალონის თანამშრომელი გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ჭრილობები მიაყენა სალონში მყოფ სხვა ტრანსგენდერ თანამშრომელს. დაწესებულებაში მყოფი პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ბრალდებულმა ვერ შეძლო მასაჟის სალონში დასაქმებული თანამშრომლების მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 1-ელ ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner