logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვინც სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდებას გააკეთებს, დაექვემდებარება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
- +

3 ნოემბერი. 2021. 18:28

 

 

„კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს, რომ ვინც სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდებას გააკეთებს, დაექვემდებარება გარკვეულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებებთან დაკავშირებით სუს-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

 

მისივე თქმით, როცა ადამიანი ლაპარაკობს გადატრიალებაზე და კონკრეტულად მიუთითებს, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, ბრალდების მხარეს ექნება უფრო მყარი პოზიცია.

 

„ოპოზიციის განცხადებები არის დემაგოგია. განცხადება – ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და თავად მოვიდეს მართვის სათავეში. როცა საკითხი ამ თემებს სცილდება და საუბარია, თუ როგორ მოხდეს ჩასაფრება, როგორ დაიღვაროს სისხლი, რამდენი ადამიანი უნდა შეეწიროს მოძრაობებს, რასაკვირველია, ეს არა მხოლოდ მოწოდებაა, არამედ კონკრეტული გეგმის დემონსტრირება, როგორ აირიოს ქვეყანა. მით უმეტეს, ამ საკითხზე გამოძიება მომდინარეობს, როცა ადამიანი გამოვა და იტყვის, სააკაშვილის გადაყვანა უნდათ და ოსური სპეცრაზმი თავს უნდა დაესხან, გაიტაცონ და საჭიროა ხალხის შეგროვება, ბელადის ძალისმიერი მეთოდებით ციხიდან გამოხსნა, რასაკვირველია, თუ ამას დაემატება ის გეგმა და ხედვა, როგორ უნდა განხორციელდეს რევოლუციური სცენარი, ეს საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის.

 

კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს, რომ ვინც სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდებას გააკეთებს, დაექვემდებარება გარკვეულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მაგრამ ამის უკან უნდა იდგეს არა მხოლოდ მოწოდება და ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, არამედ კონკრეტული ქმედება, რესურსი და გარემოება. ამ შემთხვევაში, დაცვას ექნება საკმაო რესურსი, პოზიცია და საფუძველი, თქვას, რომ ეს უბრალოდ მოწოდება იყო, რაღაცას ხმამაღლა ყვირილის გარდა, სინამდვილეში, უკან არაფერი დგას. როცა ადამიანი ლაპარაკობს გადატრიალებაზე და კონკრეტულად მიუთითებს, როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, ბრალდების მხარეს ექნება უფრო მყარი პოზიცია. კანონმდებლობით, შეიარაღებით და ძალისმიერი მეთოდებით გადატრიალებისკენ მოწოდება და არა მარტო მოწოდება, არამედ კონკრეტული ქმედებები, დასჯადია. გამოძიებას რაიმე პრეტენზია თუ ექნება ასეთ ადამიანთან, დაცვას ექნება არგუმენტი, თუ ეს მხოლოდ სულელური განცხადება და ხმამაღალი წამოყვირება იყო, მაგრამ თუ ამის უკან დევს ის, რაზეც, თუნდაც ახლახან მოვისმინეთ, რომ რა უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს, კერძოდ, მსხვერპლი და უნდა ჩატარდეს კონკრეტული ოპერაცია საქართველოს დესტაბილიზაციის მიზნით, რასაკვირველია, ბრალმდებელს ექნება მეტი პოზიცია. სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, წინასწარ მე და თქვენ ვერ ვიტყვით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner