„არჩევნები დასრულდა და მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას მშვიდად ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისა“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, რამეთუ ინციდენტების რაოდენობა უპრეცედენტოდ დაბალი იყო. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგებით, რაც პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე, კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისთვის. ნიშანდობლივია, რომ ცესკოს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა, როგორც პროფესიონალიზმის მაღალი დონე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.