"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ "დროას" ლიდერის მიერ შიმშილობის გამოცხადება მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ემსახურება რევოლუციურ სცენართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების განეიტრალებას. მისივე თქმით, ოპოზიციას ამგვარი განცხადებების გამო დასავლეთთან პრობლემები გაუჩნდა:
"მთავარი აქცენტი, რომელიც ჩვენი ოპონენტების მიერ კეთდება, ახლა ელენემ თავისი შიმშილობით გამოასწორა, მიხვდა ეტყობა რომ ძალიან ცუდად წავიდა განვითარება და დასავლეთთან სერიოზული პრობლემები გაუჩნდა ამ განცხადებებს და კლინიკაზე გადაიტანა აქცენტი, როცა გადატანილია აქცენტი - რაზე? - რომ გზაში უნდ თავს დაესხნენ, მოიტაცონ, მსხვერპლი იყოს... ამით ყურადღების გადატანა უნდათ, რომ კლინიკაში გადაიყვანეთ, ჰუმანურად მოექეცით, ჯანდაცვის ხაზით აღმოუჩინეთ დახმარება. მე მგონია, რომ ელენე ხოშტარიამ ტაქტიკური ნაბიჯი გადადგა ამასთან მიმართებაში," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.