ოპოზიციური პარტიების ნაწილი საპარლამენტო მანდატების დატოვებას არ აპირებს. როგორც „გირჩის“ წევრები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება მისმა რამდენიმე თანამოაზრემ გაიზიარა, თუმცა მოგვიანებით, გადაწყვეტილება შეცვალა.
ოპოზიციონერების თქმით, ექს-პრეზიდენტმა საპარლამენტო უფლებამოსილების დატოვების მოწოდებით შეამოწმა, თუ ვინ დგას მის მხარეს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი, კვლავ ბოიკოტის რეჟიმში განაგრძობს მოქმედებას, რადგან მათი თქმით, სიტუაციიდან გამოსვლას, მხოლოდ აქციების გამართვის გზით ემხრობიან.
„საპარლამენტო საქმიანობა არ გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, ვიდრე კენჭისყრაზე არ დადგება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებმაც უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის მომავალი. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას“, - აცხადებს „ნაცმოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი.
„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეამოწმა, რომელი ქართველი პოლიტიკოსია მის მიმართ ერთგული.
„აღმოაჩნდა, რომ ეს არის 4-5 ადამიანი, რომლებმაც იმავე დღეს თქვეს, რომ ტოვებენ პარლამენტს. იმის გამო, რომ ეს აშკარად უმცირესობაა, სააკაშვილი მიხვდა, რომ ასე შეიძლება ჯგუფის შიგნით დაძაბულობა შეიქმნას“, - ამბობს რაქვიაშვილი.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პროტესტი არ შეიძლება იყოს ერთმხრივი.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ყველა სივრცეში, მათ შორის პარლამენტში და საკრებულოებში“, - აცხადებს სამნიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, დეპუტატების მიერ მანდატების დატოვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი ხედავს რისკს, რომ თანაგუნდელებთან კომუნიკაცია შეეზღუდება. მანამდე ცნობილი იყო, რომ ფრაქცია „ლელო“ პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებდა.