„პატიმარ სააკაშვილის ინტერესებში შედის, რომ არ გახდეს სპეკულირების საგანი მისი პროტესტის ეს ფორმა, თავად საჯაროდ თქვას, ამ პროცესში რა საკვებს ან საერთოდ, რას იყენებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პენიტენციური სამსახური ვერ გაასაჯაროებს სააკაშვილის კვების რაციონს, რადგან ეს ინფორმაცია შესაძლოა, პიროვნებისთვის მაიდენტიფიცირებელი იყოს.
„კანონმდებლობის შესაბამისად, ის რაც შეიძლება იყოს პიროვნებისთვის მაიდენტიფიცირებელი, არის პერსონალური მონაცემები და ამიტომ, ბუნებრივია, პენიტენციური სამსახური ამას ვერ გაასაჯაროებს. სწორედ ამიტომაა მიმართვა პატიმარ სააკაშვილზე. ვფიქრობ, ეს პირველ რიგში, მის ინტერესებში შედის, რომ არ გახდეს სპეკულირების საგანი მისი პროტესტის ეს ფორმა და თავად საჯაროდ თქვას, ამ პროცესში რა საკვებს ან საერთოდ რას იყენებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილს არ ეყოფა იმის გამბედაობა, რომ პენიტენციურ სამსახურს თავისი კვების რაციონისა და დღის რეჟიმის გასაჯაროების უფლება მისცეს.