logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: არ მოსწონს ბატონ ფადის საქართველოს მთავრობის დადგენილი თამაშის წესები? ამ პასკვილების წერას, ურჩევნია, თავისი ბიზნესები სხვაგან გადაიტანოს
- +

4 ნოემბერი. 2021. 16:28

 

„არ მოსწონს ბატონ ფადის საქართველოს მთავრობის დადგენილი თამაშის წესები? ამ პასკვილების წერას, ურჩევნია თავისი ბიზნესები საკუთარ ქვეყანაში ან სხვაგან გადაიტანოს, მით უმეტეს, კიდევ კარგი, მისი არც გასარჩევი და არც დასაყვედრებელი აქ არავის არაფერი ჭირს“, - ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ფადი ასლის წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

მისი თქმით, თავის დროზე, სწორედ ფადი ასლისნაირი ბიზნესასოციაციების დაკრულზე ცეკვამ, მიგვიყვანა დიდწილად ეკონომიკის მაღალ იმპორტდამოკიდებულებამდე, რისი სავალალო შედეგებიც გლობალური საგარეო შოკების დროს უფრო ცხადი ხდება.

 

„ნორმალურ და განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში ბიზნესი ან მათი ინტერესჯგუფები კი არ კარნახობენ მთავრობებს რა სახის ეკონომიკური პოლიტიკა გაატაროს, არამედ პირიქით - მთავრობების დეკლარირებულ ეკონომიკურ პოლიტიკას უწყობენ ფეხს. თუ ბიზნესმენს არ აკმაყოფილებს მთავრობის გადაწყვეტილებები, არც ეგ არის პრობლემა, შეუძლია ბიზნესი სხვაგან გადაიტანოს. ბუნებრივია, ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობები ინვესტორთა მოსაზიდად, კონკურენციის ფაქტორიდან გამომდინარე, ცდილობენ უფრო მისაღები საინვესტიციო გარემო შეუქმნან ბიზნესებს, მაგრამ ცალმხრივად უცხოელ ინვესტორზე აქცენტირება და მათთვის სასათბურე პირობების შექმნა, საბოლოო ჯამში ბაზარზე კონკურენციის პირობებსაც ამახინჯებს და გარდა იმისა, რომ სამუშაო ძალის გადინებას ახდენს, ადგილობრივ წარმოებასაც კლავს.

 

საქართველო არ არის ამ მწარე რეალობის ერთადერთი მაგალითი, ეს პრობლემა განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის სხვა ქვეყნებსაც უდგათ, თუმცა თავის დროზე, სწორედ ფადი ასლისნაირი ბიზნესასოციაციების დაკრულზე ცეკვამ, მიგვიყვანა დიდწილად ეკონომიკის მაღალ იმპორტდამოკიდებულებამდე, რისი სავალალო შედეგებიც გლობალური საგარეო შოკების დროს უფრო ცხადი ხდება. ქვეყანაში ინფლაციის ბოლო დეკადის სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებელი, ეკონომიკის ნაკლებად თვითკმარობის და სასურსათო პროდუქციაზე ინფლაციის იმპორტის შედეგია.

 

არ მოსწონს ბატონ ფადის საქართველოს მთავრობის დადგენილი თამაშის წესები? ამ პასკვილების წერას ურჩევნია თავისი ბიზნესები საკუთარ ქვეყანაში ან სხვაგან გადაიტანოს, მით უმეტეს კიდევ კარგი მისი არც გასარჩევი და არც დასაყვედრებელი აქ არავის არაფერი ჭირს! ცამდე მართალი იყო მუხრანი: „როდესაც უცხოს კოცნი იაზონს და ზურგზე ისვამ როგორც იადონს, თავმა თუ არა, ტვინის უარო, ტანმა ხომ მაინც უნდა გაიაზროს, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ამბორს!“ - წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ის გვერდზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner