logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ბათილ ბიულეტენებზე საკუთარი წაგების გადაბრალება რომ ტყუილია, ეს კარგად იციან მათ, ვინც ამ რიცხვებით მანიპულირებს
- +

4 ნოემბერი. 2021. 19:09

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების წილი 2,9 პროცენტი იყო, რაც სტანდარტულზე დაბალი მაჩვენებელია.

 

„ბათილი ბიულეტენების ვითომ ჭარბ რაოდენობაზე, როგორც ოპოზიციის შარშანდელი კინოს მეორე სეზონზე – მეორე ტურში ბათილი ბიულეტენების წილი იყო 2,9%, რაც სტანდარტულზე დაბალი მაჩვენებელიც კი არის (პირველ ტურში იყო 3,3%, შარშან საპარლამენტოზე – 3,4%) და წლებია ასეა (იხ. ცხრილი)“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

მისივე თქმით, რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციას, რომ ბათილი ბიუელეტენების გამო წააგეს, ისინი ბათუმის და ქუთაისის შედეგებით მანიპულირებენ.

 

„ბათუმში კანდიდატებს შორის სხვაობა 1 526 ხმა იყო, ხოლო ბათილი ბიულეტენების ჯამი – 2 071. ქუთაისში კანდიდატებს შორის სხვაობა იყო 2 222, ხოლო ბათილი ბიულეტენების ჯამი – 2 396.

… მაგრამ, რატომღაც, ამ შემთხვევაში, არ ახსენებენ წალენჯიხას, სადაც ჩვენმა მერობის კანდიდატმა 314 ხმით წააგო, მაშინ როცა კომისიამ 390 ბიულეტენი ბათილად მიიჩნია. იგივე სიტუაციაა მარტვილის და ჩხოროწყუს ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატებთან. იქაც ბათილი ბიულეტენები უფრო მეტია, ვიდრე ხმების ის სხვაობა, რომლითაც ჩვენმა კანდიდატებმა წააგეს. რა ვქნათ ახლა? ვთქვათ, რომ წალენჯიხაში გაგვიყალბეს? თუ, წალენჯიხა არ ითვლება?

 

ამხელა სხვაობის დროს, ბათილ ბიულეტენებზე საკუთარი წაგების გადაბრალება რომ ტყუილია, ეს, რა თქმა უნდა, კარგად იციან მათ, ვინც ამ რიცხვებით მანიპულირებს. მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს პატივს რომ არ სცემენ და ამომრჩევლები რომ ტყუილს პატიობენ, ეგ მაგის ბრალია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner