„ბრძანონ ოპონენტებმა, ვინ უნდა დაინიშნოს მოსამართლედ?! მოსამართლეთა კონფერენციამ ჩაატარა კენჭისყრა და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო. თუ სასამართლო დამოუკიდებელია, მის გადაწყვეტილებაში ჩარევაც სწორი გადაწყვეტილება არ არის“, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს ახალმა წევრმა პაატა სილაგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტისა და ელჩების განცხადებებზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევასთან დაკავშირებით.
ამასთან, სილაგაძემ აღნიშნა, რომ იგი საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის დღევანდელ განცხადებას სრულად ეთანხმება.
„ელჩების მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, უფლებას დავიტოვებ, არ დავეთანხმო მათ ამ განცხადებებში, რადგან სრულიად კანონის დაცვითა და არსებული ნორმების გათვალისწინებით დაინიშნა კონფერენცია და 7 დღით ადრე განცხადებებიც გაკეთა, თუ რაზე იმართებოდა. მოსამართლეთა კონფერენციაზეც კენჭისყრების დროს არავის შეზღუდვია უფლება, საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა ან ვინმეს კანდიდატურა დაესახელებინა. მეც პირადად ჩემი კანდიდატურა თავად არ დამისახელებია და ერთ-ერთმა კოლეგამ დაასახელა, წინააღმდეგობა აღარ გაუწიე. დაველოდე კენჭისყრის შედეგებს“, - განაცხადა სილაგაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე კანონის დარღვევას ვერ ხედავს. მისთვის უცნობია, რას ეყრდნობა, ელჩების მიერ გაკეთებული განცხადებები. არ გამორიცხავს, რომ მათ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
„არ ვიცი, ვინ მიაწოდა ინფორმაცია და რას ეყრდნობიან. მოკლედ რომ ვთქვა, ამ განცხადებებს არ ვეთანხმები“, - დასძინა იუსტიციის საბჭოს ახალარჩეულმა წევრმა.