საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - „დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება“ პირველ ეტაპზე გამარჯვებული პროექტები ცნობილი რეჟისორების, ისტორიკოსებისა და მწერლებისაგან დაკომპლექტებულმა შვიდკაციანმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„კონკურსის ფარგლებში სამინისტროს სულ ათმა კონკურსანტმა მომართა და ამ ათიდან შეირჩა პირველ ეტაპზე გამარჯვებული პროექტები. ესენია:
კონკურსის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მიიღო რეკომენდაცია, რომელიც კონკურსანტებისთვის სამუშაოდ მეტი დროის მიცემას ითვალისწინებს. რეკომენდაციის საფუძველზე, კონკურსანტების მიერ დეტალური სცენარის დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენთი) სამინისტროში წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1-ელ თებერვლამდე, ნაცვლად მანამდე დადგენილი 2021 წლის 25 დეკემბრისა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსი „დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება“ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს გამოაცხადა. სცენარის შექმნისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში რეგისტრირებულ კინოწარმოებაში ჩართულ იურიდიულ პირებს.
კონკურსის პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იყო კონკურსის გამოცხადებიდან ორ თვეში (2021 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით ვადაში) კონკურსში მონაწილეობის მსურველების მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
ა) სცენარის სინოფსისი მაქსიმუმ 3 გვერდამდე;
ბ) რეჟისორის ხედვა;
გ) პროდიუსერის ხედვა, სადაც სავალდებულო იყო, რომ მთავარი აქცენტი გაკეთებულიყო ფილმის საწარმოო ასპექტებზე. პროდიუსერის ხედვაში დეტალურად უნდა ყოფილიყო მოცემული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია პროდიუსერს მოცემული მასშტაბის ისტორიული ფილმის გადაღება საქართველოში. ასევე, პროდიუსერს უნდა წარმოედგინა ფილმის გაქირავებისა და საერთაშორისო მაყურებლამდე მიტანის ხედვა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, კონკურსის პირობების შესაბამისად, კონკურსის პირველ ეტაპზე საკონკურსო კომისიამ სამი პროექტი შეარჩია. მეორე ეტაპზე შერჩეულ კონკურსანტები დაფინანსდებიან 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხით ეროვნულ ვალუტაში და განესაზღვრებათ ვადა 2022 წლის 1-ელ თებერვლამდე რათა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დეტალური სცენარი დიალოგების გარეშე (ე.წ. თრითმენთი) არანაკლებ 30 და არაუმეტეს 40 გვერდისა;
ბ) ფილმის მხატვართან ერთად შექმნილი ფილმის ვიზუალური პრეზენტაცია (დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები, ლოკაციები და სხვა). ავტორი თავისუფალია შემოქმედებით არჩევანში; მას მხოლოდ მოეთხოვება, რომ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათლად ჩანდეს მომავალი ფილმის ვიზუალური ხედვა.
კონკურსის მესამე ეტაპზე, სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის ჩაბარების შემდეგ, კომისია 15 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სცენარს. კომისიის მსჯელობის შემდეგ და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, კონკურსანტს მიეცემა ერთთვიანი ვადა სრულყოფილი სცენარის დაწერისათვის. მოცემული სამუშაო დაფინანსდება 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში. დაბოლოს, სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.