„6 000 და მეტი მაჩვენებელი ჩვენი ერისთვის არის ტრაგიკული“, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა, დევი ტაბიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„მაშინ, როდესაც ხალხი აცრილი არ არის, ადამიანები პროტესტს აცხადებენ და მე ვიცი, რომ თქვენი ტელევიზიის წინ მოაწყვეს საპროტესტო აქცია. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეტყობა, არ არის სრული ის საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობამდე ვერ მივიდა ზუსტი მესიჯი, პრობლემის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეების შესახებ. მეზობლების და ნათესავების გაურკვეველი ჭორების, არასწორი ინფორმაციების შედეგად აგორებულია კამპანია, რომელმაც სამწუხაროდ, ვაქცინაციის პროცესს რეალურად აჯობა. მოდით, პირდაპირ ვთქვათ – ეს კამპანია უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ვაქცინაციის კამპანია“, – განაცხადა ტაბიძემ.
დევი ტაბიძემ ასევე განაცხადა, რომ რეანიმაციაში მოხვედრილი პაციენტების 90-95% სრულიად აუცრელია, ორჯერადად აცრილი პაციენტები კი მძიმე მდგომარეობაში არ არიან და ისინი რეანიმაციაში არ ხვდებიან.
„ამის შემდეგ არის ერთჯერადად აცრილები და ამის შემდეგ არიან პაციენტები, რომლებიც არ იყვნენ აცრილები და აქვთ გარკვეული ქრონიკული დაავადებები, რაც დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს“, – განაცხადა ტაბიძემ.
როგორც დევი ტაბიძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა შეიგრძნო ის, რომ ერი სერიოზული საშიშროების წინაშე დგას და მან, როგორც ერის პრეზიდენტმა, დროული განცხადება გააკეთა.
„მე მას ამისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუცხადებ. დღეს მართლაც კულმინაცია იყო ამ ყველაფერის, რომ პრეზიდენტი დაესწრო საკოორდინაციო საბჭოს სხდომას და მე ამ ყველაფერს ძალიან დიდი კმაყოფილების შეგრძნებით ვუყურებდი. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ვინც აცრილი არ არის, იმას არ ვუმკურნალოთ და ა.შ. ეს ჰიპოკრატეს ფიცში არ შედის. ჩვენ მტერსაც ვმკურნალობთ და მოყვარესაც. მკურნალობას არც ეროვნება გააჩნია, არც სქესი და არც ასაკი. ამიტომ, ეს ცოტა რთული თემაა და ამას თავი დავანებოთ. იმიტომ, რომ იმ ჩანაწერში, კანონმდებლობაში, რომელიც თავის დროზე იქნა შემოღებული, კოვიდინფიცირების მკურნალობა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ტაბიძემ.