საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით კახეთს ესტუმრა და დაათვალიერა ყვარლის რაიონში მდებარე დოლოჭოპის ტაძარი, რომელიც IV-V საუკუნეებით თარიღდება. დოლოჭოპზე ვიზიტი არქიტექტორ, არქეოლოგ ნოდარ ბახტაძის ინიციატივით შედგა და ვიზიტის დროს მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არქეოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე, არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე და სამინისტროს წარმომადგენლები. მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო დოლოჭოპის ტაძრის მდგომარეობას. გაირკვა, რომ 2018 წელს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პროცესში მდინარე დურუჯისთვის კალაპოტის შეცვლის შედეგად, ტაძრის ტერიტორია მდინარის წყლით პერიოდულად იტბორება, რაც მას საფრთხეს უქმნის და აზიანებს. აქედან გამომდინარე, კულტურის მინისტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ერთობლივად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჯერ სათანადოდ შეფასდეს ტაძრის მდგომარეობა, მისი დაზიანების გამომწვევი მიზეზები (საიდან მოედინა წყალი, რომლითაც იტბორება ტაძარი) და ამის შესაბამისად შემუშავდეს ტაძრის გადარჩენის სამოქმედო გეგმა. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტრო გეგმავს ჯერ ტაძრის გადარჩენას, ხოლო შემდეგ შესაბამისი კვლევების ჩატარებასა და კონსერვაციას, რათა ის გახდეს მიზიდულობის კერა როგორც ქართველი ახალგაზრდებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვისაც.