„საქართველოს ეკონომიკის მიერ ბოლო თვეებში მიღწეულმა სტაბილურმა ზრდამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები „აიძულა“, სერიოზულად გადაესინჯათ თავიანთი საპროგნოზო მაჩვენებლები გაზრდის მიმართულებით - წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის ორჯერ. ასე მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 7.5 პროცენტს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე და მომავალი, 2022 წლების საშუალო წლიური ტემპით (6.5%) ამავე ორგანიზაციის მიერ შეფასებული 37 ქვეყნიდან საქართველო, მონტენეგროს შემდეგ, მეორე-მესამე ადგილს იყოფს (ესტონეთთან). ასეთი პროგნოზი მით უფრო ფასეულია იმ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და არაა დაძლეული პრეპანდემიური მასშტაბები ჩვენი ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან და მგრძნობიარე სექტორში, როგორიც ტურიზმია“, – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების მიმოხილვაში მოცემული საქართველოს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2021 წლისათვის.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო თამამ პროგნოზს აკეთებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს წინა წელთან შედარებით გაიზრდება 7.7 პროცენტით, რაც მე-18 მაჩვენებელია მსოფლიოს 194 ქვეყნის მიხედვით.
ამავე დროს, იოსებ არჩვაძე განმარტავს, რატომ იჩენენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები გარკვეულ სიფრთხილეს საქართველოს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის შეფასებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკურმა ზრდამ მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში 11.3 პროცენტი შეადგინა.
„ვფიქრობ, მათი სიფრთხილე დიდწილად განპირობებულია ქვეყანაში ბოლო პერიოდში გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობით, პანდემიითა და ვაქცინაციის დაბალი ტემპით. რომ არა აღნიშნული ფაქტორები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაკეთებული პროგნოზი, დიდი ალბათობით, ფაქტობრივზე არანაკლებ 1.5-2.0 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალი იქნებოდა“, - აღნიშნა იოსებ არჩვაძემ სოციალურ ქსელში.