logo_geo
eng_logo
არიფ სულეიმანოვი: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოდიან და ფულის სანაცვლოდ, ხალხს მიტინგზე წასვლას სთავაზობენ, ამ ყველაფერს კახა ოქრიაშვილი ხელმძღვანელობს
- +

7 ნოემბერი. 2021. 13:42

 

 

 

რუსთავში, საპროტესტო აქციაზე გარდაცვლილი მამაკაცი 60 წლის ჯახანდარ გუსეინოვია. როგორც ადგილობრივები „ქრონიკასთან“ საუბრისას ამბობენ, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები აქამდეც ჰქონდა.

 

მათივე ინფორმაციით, გუსეინოვი არასდროს ყოფილა საპროტესტო აქციაზე და მათთვისაც გაურკვეველია, რატომ და როგორ აღმოჩნდა კაცი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან.

 

„არ ვიცი, თავისი ნებით წავიდა თუ ვინმემ ძალით წაიყვანა. არც არავინ იცის, ეს როგორ მოხდა. გავიგე, რომ რუსთავში წავიდა აქციაზე, ცუდად გახდა და გული გაუჩერდა. მასზე არ მსმენია, რომ რომელიმე აქციაზე ევლო“, - ამბობს ჰუსეინოვის ნათესავი ფილკამ ასტანოვი.

 

დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი არ გამორიცხავს, რომ კაცს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, აქციაზე წასვლის სანაცვლოდ, თანხა შესთავაზა.

 

„რამდენადაც ვიცი, ძალიან მშვიდი და წყნარი ადამიანი იყო. პოლიტიკაში არასდროს ერეოდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დმანისში აქციების ორგანიზება დაიწყო. აქციაში მონაწილეობისთვის, მოსახლეობას, დაახლოებით, 30 ლარი შესთავაზეს. დაახლოებით 80 ადამიანს გადაუხადეს ფული და მიტინგზე ისე წაიყვანეს. ამ ყველაფრის ორგანიზებას მათი შტაბი აწყობს. მიტინგის მოახლოებისას ისინი ხალხს კრებენ და ამაში ნათესავებიც ეხმარებიან. ამ შემთხვევაშიც, მათ რუსთავში წასვლა კახა ოქრიაშვილის ახლობლებმა გადააწყვეტინეს. რაც შეეხება გარდაცვლილს, აქამდე ის მიტინგზე არასდროს ყოფილა, არც ის გამიგია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რამე შეხება ჰქონოდა. მგონი, პირველად წავიდა აქციაზე. ეჭვი მაქვს, ფულის სანაცვლოდ აიძულეს წასვლა. ალბათ, ნერვიულობდა, წნევამ აუწია და ამის გამო გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი ძალიან ნანობს, რომ იმ მიტინგზე წავიდა და გარდაიცვალა. არ ვიცი, რას აპირებს ოჯახი. ერთი, რის თქმაც შემიძლია, დმანისელები პოლიტიკურად აქტიურები არ ვართ, აქციებზე არ დავდივართ, ქართულიც გამართულად არ ვიცით. უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოდიან და ფულის სანაცვლოდ, ხალხს მიტინგზე წასვლას სთავაზობენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს კახა ოქრიაშვილი ხელმძღვანელობს, მაგრამ ადგილზე საქმეს მისი ნათესავი, მერაბ ოქრიაშვილი მართავს“, - აცხადებს არიფ სულეიმანოვი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner