„აფრიკაში, სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრითაუნში მომხდარ ძლიერ აფეთქებას, სულ მცირე, 99 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“, - განახლებულ მონაცემებს, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, Reuters-ი აქვეყნებს.
დაშავებულებს მთელი ქალაქის მასშტაბით განთავსებულ რამდენიმე საავადმყოფოში მკურნალობენ. არაა გამორიცხული, მსხვერპლი გაიზარდოს.
„ყველა შოკში ვართ. ქალი, რომლისგანაც სულ ცოტა ხნის წინ პური ვიყიდე, დაღუპულია. არ შემიძლია ამ მწუხარებასთან გამკლავება“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
დაღუპულთა შორის დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აფეთქების შემდეგ შეგროვდნენ და შემთხვევის ადგილას, მანქანიდან, საიდანაც სითხე ჟონავდა, დაღვრილი საწვავის შეგროვებას ცდილობდნენ. ისინი განმეორებით აფეთქებას ემსხვერპლნენ.
საპორტო ქალაქში 6 ნოემბერს აფეთქდა ნავთობით დატვირთული ავტომობილი, რომელიც გზაჯვარედინზე, ინტენსიური მოძრაობის ადგილას, სხვა მანქანას შეეჯახა.
ბოლო წლებში, მსგავსი შემთხვევა აფრიკის სხვა ქვეყნებშიც მომხდარა. მაგალითად, 2019 წელს, ტანზანიაში, საწვავის ტანკერის აფეთქებას 85 ადამიანი ემსხვერპლა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი, 2018 წელს, 50-მდე ადამიანი დაიღუპა.