logo_geo
eng_logo
ნაპოლეონ პირველის კაბინეტი აღდგენილია
- +

29 ივლისი. 2016. 17:52


საქართველოს ხელოვნების სასახლისა და ზუგდიდის დადიანების სასახლეების ერთობლივი პროექტი წარმატებით დასრულდა!


ნაპოლეონ პირველის ფრანგული კაბინეტის ნაწილი, კერძოდ, ხისაგან დამზადებული ორი უნიკალური სეკრეტერი ზუგდიდის დადიანების სასახლეებში 1930 წლების შემდეგ არ გამოფენილა. სწორედ ამ პერიოდიდან მათი მდგომარეობა სავალალო იყო, არადა, ეს ძვირფასი ავეჯი ნაპოლეონ მესამის ოჯახის წევრმა, პრინცმა აშილ მიურატმა საფრანგეთიდან ჭკადუაშში ჩამოიტანა, აკაკი ჭანტურიამ კი ისინი რევოლუციის შემდეგ მუზეუმში გადაიტანა. ბევრი საბჭოთა ჩინოვნიკი უმზერდა და თავისთვის ჰქონდა მონიშნული ეს ავეჯი, მაგრამ მუზეუმის თანამშრომლებმა არასოდეს არ დათმეს ჩვენი ეროვნული საგანძური. 30-იანი წლებიდან დაიწყო ავეჯის ხის ნაწილის დესტრუქცია, მას გაუჩნდა ჭია, დაშლა დაიწყეს დეკორატიულმა ფიგურებმა. ექსპონატები ფონდში გადაიტანეს, 80-იან წლებში მათი აღდგენის მცდელობა იყო, თუმცა დაწყებული პროცესი დაუფინანსებლობის გამო მალევე გაჩერდა. და აი, 2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას ინიციატივით და ამავე მუზეუმის დაფინანსებით ძვირფასი ექსპონატები თბილისში, ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიტანეს! „თითქმის ერთი წელი გაგრძელდა სარესტავრაციო პროცესი, თითქმის არ დაგვიკარგავს არაფერი, ისე აღვადგინეთ ეს უნიკალური ავეჯი, რომელიც ჯერ ნაპოლეონ პირველის, შემდეგ ნაპოლეონ მესამის და ბოლოს დადიანების საკუთრებაში იყო. სარესტავრაციო პროცესი ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში ჩატარდა ნუგზარ სანიშვილის მონაწილეობით და ჩვენი რესტავრატორების ზედამხედველობით, პარალელურად გავდიოდით ონლაინ კონსულტაციებს ფრანგ, ირლანდიელ და ინგლისელ რესტავრატორებთან! ამჟამად ნაპოლეონის სეკრეტერი აღდგენილია, მისი ტრანსპორტირება ზუგდიდში უკვე მოხდა და დადიანების სასახლეში უკვე გამოიფინა! ვამაყობ, რომ ეს პროცესი ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში ჩატარდა! აუცილებლად ჩადით ზუგდიდში და აუცილებლად ნახეთ ეს ძვირფასი ავეჯი! საგანძური რომელიც თითქმის საუკუნეა არ გამოფენილა!"- აცხადებენ ხელოვნების სასახლეში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner