logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: 2022 წლის მაკროეკონომიკური ინდიკატორების პარამეტრები აბსოლუტურად რეალისტურია
- +

8 ნოემბერი. 2021. 14:10

 

 

„2022 წლის მაკროეკონომიკური ინდიკატორების პარამეტრები აბსოლუტურად რეალისტურია და პოლიტიკური პროცესების მშვიდ გარემოში წარმართვის პირობებში, შეიცავს მათი გადაჭარბების საკმაოდ მაღალ პოტენციალს“, - ამის შესახებ თავის Facebook-ის გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე წერს.

 

მისი ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განსაზღვრავს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და განვითარების ძირითად პარამეტრებს მომავალი წლისთვის და მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი იძლევა მკაფიო ნიშნებს მიმდინარე წლის შედეგებსა და მომავალი წლის სასტარტო პირობებზე.

 

წლის დამთავრებამდე ჯერ კიდევ ორი თვეა დარჩენილი, თუმცა საკმაოდ მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკას ორნიშნა ზრდა ექნება (წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე ზრდამ 11.3% შეადგინა). ეს გარემოება მით უფრო აღსანიშნავია, რომ ამ საუკუნეში საქართველოს მხოლოდ ორ წელს ჰქონდა ეკონომიკის ასეთი, ორნიშნა ზრდა: 2003 წელს (+11.1%) და 2007 წელს (+12.6%). აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით, გადამუშავებულ ვარიანტში წლევანდელი წლის მშპ გაზრდილია 0.3 მლრდ. ლარით (58.7 მლრდ. ლარი, ნაცვლად 58.4 მლრდ. ლარისა), რაც სახელმწიფო ბიჯეტში შემოსავლების სულ ცოტა, დამატებით 70 მლნ. ლარის მობილიზაციის შესაძლებლობას იძლევა.

 

საკმაოდ ოპტიმისტურია ეკონომიკური ზრდის 2022 წლის პროგნოზიც (+6.0%), რაც უზრუნველყოფს რეალურ განზომილებაში მომავალი წლის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მეტობას, კრიზისამდელი, 2019 წლის დონესთან შედარებით - დაახლოებით 12 პროცენტით. მშპ-ის აბსოლუტური მოცულობა 2021 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით გაიზრდება 6.3 მლრდ. ლარით და მიაღწევს 65 მლნ. აშშ ლარს. ეკონომიკის ზრდისა და ლარის მთლიანობაში სტაბილურობის პირობებში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ 2022 წელს მიაღწევს 5500 აშშ დოლარს, რაც 700 აშშ დოლარით გადააჭარბებს მიმდინარე, 2021 წლის დონეს და 800 აშშ დოლარით - 2019 წლის მაჩვენებელს”, - წერს სოსო არჩვაძე.

 

მისი მოსაზრებით, ეკონომიკაში გატარებული თანმიმდევრული რეფორმების, ხელისუფლების მიერ ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების თანმიმდევრული რეალიზაციისა და ბიზნესის მაღალი მზაობის პირობებში 2022 წლის მაკროეკონომიკური ინდიკატორების პარამეტრები რეალისტურია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner