7 ნოემბერს - პროზაიკოსის, პოეტის და ინჟინერის, თეოლოგიის დოქტორის, საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრის (1992-1995), საქართველოს მწერალთა კავშირი წევრის და თავმჯდომარის მოადგილის (2004-2014), 2019 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორის, 2020 წლის 14 ივლისიდან თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრის (პატრიოტთა ალიანსი), მედიაკავშირ „ობიექტივის“ გადაცემათა ციკლის „ლიტერატურა, ხელოვნება, სულიერება“ და „ხელოვანთა რეპრესიები“ ავტორის და წამყვანის, გამომცემლობა „გულანის“ დირექტორის, ჟურნალ „ლიტერატურა და ხელოვნების“ დამფუძნებლის და ხელმძღვანელის. გალაკტიონ ტაბიძის სახელობის, საქართველოს მწერალთა კავშირის, ასოციაცია „გულანის“, ალმა-ატის პოეზიის ფესტივალის, ლადო ასათიანის, ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატის - ვაჟა ოთარაშვილის დაბადების დღეა.
იგი 66 წლის გახდა. დაიბადა 1955 წელს, კასპში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. არის ავტორი ლექსების კრებულებისა: „ხილვადობა“ (1986), „თოვლისფერი ღამეები“ (1989), „გველის წელიწადი“ (1990), „ჩემი გულუბრყვილო ლანდი“ (1991), „ცრემლები ქარში“ (1999), „ხეკორძულელის აღსარება“ (2001), „ცის სარკმელები“ (2003), „მწუხარე ბედნიერება“ (2006), „XXI“(2008), „ცა ჩვენი სულის მისამართია...“ (2015). 2015 წელსვე გამოსცა საინტერესო წიგნი „კასპის ისტორია“. საინტერესოა, აგრეთვე, მისი წიგნები „მიტროპოლიტ იოსებ ტფილელის (სააკაძის) ცხვორება და მოღვაწეობა“ და „გიორგი სააკაძის ფენომენი და თარხან-მოურავები“.
***
ვაჟა ოთარაშვილი
არ შეგეშინდეს, საქართველოვ!
ვერ დაგვაჩოქებს ვერა რუსი, ვერა ურჯულო,
ქართლის ქედებო, ბარბაროსთა გადარუჯულო!
ყველა გორაზე წინაპართა წმინდა ძვლებია,
კი არ მომკვდარან,
ომით დაღლილთ ჩასძინებიათ...
იბერთ ველები, როცა გმირთა სისხლს
ვერ იშრობენ...
იცოდეთ, მაშინ
ცრემლი სცვივა დედაღვთისმშობელს...
ყველა საყდართან, მონასტერთან
გალობს ხანძთელი:
არ შეგეშინდეს, საქართველოვ!
ღმერთით, გასძელი!..
***
ბრმა ბრბო ღრიალით ირჩევს ბარაბას
და აღტყინებით ჯვარს აცვამს ქრისტეს...
ანგელოზთათვის კეტავს დარაბებს
და ფარისეველთ ცოდვის გზას მისდევს...
ბრმა ბრბო ბრუვდება ბანგის ბადაგით,
ქოსა ქაოსის ქაფში ქაქანებს...
ციებას შეყრის ბრბოს ცრუ ქადაგი,
არ შველის წამლად არც ქინა-ქინა...
ო, გიორგობის ძალო და მადლო,
ო, ღვთისმშობელო, დედავ ნათელო,
შენ აუხილე თვალები ამ ბრბოს,
რომ საქართველო აღარ გათელონ!
***
ქართველები
გადაბუგეს სასაფლაოც, ეკლესიაც,
ჩამოინგრა დედო კოშკიც, გალავანიც...
საქართველოს ქართველები შეესივნენ,
ვით ალავერდს ურჯულოთა ქარავანი...
ო, ვენახო, ვაზის ცრემლში წაქცეულო,
გაგონდება რა მტევნები, რა რთველები...
ქეთევანის წმინდა სულო, წამებულო,
საქართველოს გულს შანთავენ ქართველები...
***
იმ აღტაცებას ნელ-ნელა ვკარგავ,
(ყველაზე გვიან ქრება იმედი)
და როგორც ნისლი მოღრუბლულ ცათა
გამოვეყოფი სხეულს ტირეთი...
შემოდგომაა - ჟონავს სიგრილე
და ეძნელება სიკვდილი ფოთოლს...
დრო მიდის, გული რჩება იგივე
და მოგონება კაფეში ლოთობს...
ყვითელ ფოთლებით ავსებულ ლანგარს
წააგავს გუბე, გზაზე რომ ბრწყინავს...
ყოველდღე თითო ოცნებას ვკარგავ,
რა ბედნიერი ვიყავი წინათ...
***
აგვისტო-2008, სოფ. ქვ-ჭალა
აგვისტოა, სოფლის შარას მივდევ,
სიცხისაგან ყველა ფშანი დაშრა...
გაიარა რუსის ტანკის ჩრდილზე
ამ ფშატივით ჭორფლიანმა ბავშვმა...
ისევ ძველი ნასაყდრალი გვიცავს,
სხვილოს ციხეც მეციხოვნედ შერჩა...
საქართველო დარდით გაიცრიცა
და ცის ნამი ენატრება ბეჩავს...
***
გაივლის დრო და...
გაივლის დრო და... თაობები შეიცვლებიან,
დაილექება დასალექი ოქრო და რკინა...
ა, იმ ქედებზე პაპიჩემის პაპის ძვლებია,
და ბერ თევდორეს
ხავსმოდებულ საყდარში სძინავს...
გადაწინწკლულან ყაყაჩოთი
ქართლის ველები,
თურქთა ჯარივით
ჩამომდგარა თრიალეთს სიცხე,
ჩაუყვანიათ ნოსტელ ბიჭებს წყალზე ცხენები,
გააგელვებენ, მერე რაშებს
რკონისკენ ფიცხელ...
ა, იმ ქედებზე, პაპიჩემის პაპის ძვლებია,
ქარმა ნისლები საფლავებთან მიაფარფატა...
გაივლის დრო და... ეგ ბიჭებიც დაიზრდებიან,
კაცმა არ იცის, ვინ იქნება მათში პაატა...
***
იმაზე ცოტა მეტი ვარ ..
იმაზე ცოტა მეტი ვარ,
შენ რომ გგონია მტერო...
შენთვის რომ დედა მეტირა,
დღეს იქნებოდი მტვერი...
იმაზე ცოტა თბილი ვარ,
შენ რომ გგონია ძმაო...
რა მწარე გაკვეთილია,
არტანუჯი და ტაო...
იმაზე კარგად ვმღერივარ,
შენ რომ გგონია ქალავ,
ლერწამის ორი ღერი ვართ,
გვწვავს სიყვარულის ძალა...
ქარი ვარ შარახვეტია,
გზები რომ აგიმტვერო,
იმაზე ცოტა მეტი ვარ,
შენ რომ გგონია მტერო...