გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა საირიგაციო სისტემების წყლით უზრუნველყოფის, მიწის ბაზრის განვითარების საკითხები განიხილეს და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ გლობალურ გამოწვევებსა და ამ ცვლილების გვერდითი ეფექტების შემცირების გზებზე იმსჯელეს.
„ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. მინისტრმა სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის მიმართულებით მიღწეული შედეგების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
სებასტიან მოლინეუმ ლევან დავითაშვილს სრული მხარდაჭერა აღუთქვა სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით არსებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრას სამხრეთ კავკასიის მდგრადი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პროგრამის ხელმძღვანელი აბდულაზოზ ფაგი, მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის უფროსი ეკონომისტი იან იოსტ ნიჟოფი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.