საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2 ანგარიში მოისმინეს.
აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამისი სიპებით- ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
ჯგუფის წევრები გაეცნენ იმ მიგნებებს, რეკომენდაციებს და შენიშვნებს, რაც ანგარიშების ფარგლებში იქნა გამოკვეთილი.
ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა სოფიო დვალიშვილმა გაცნო და განმარტა, რომ აუდიტი შეეხო პრევენცია -მზადყოფნის ღონისძიებებს და აუდიტის მიზანს წარმოადგენდა შეფასება, თუ რამდენად უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისთვის დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები.
აუდიტი სამი მიმართულებით განხორციელდა, ტყის ხანძრების პრევენციისთვის განხორციელებული ღონისძიებები, ტყის ხანძრების მზადყოფნის ღონისძიებები და საკანონმდებლო ხარვეზები. ანგარიშის ფარგლებში. აუდიტის სამსახურის მიერ 6 რეკომენდაცია იქნა გაცემული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა ასევე განიხილა ხე-ტყის კომერციული და სოციალური მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში და იმ რეკომენდაციებზე იმსჯელა, რომელიც ანგარიშის ფარგლებში იქნა გაცემული.
მომხსენებელმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა განმარტა, რომ აუდიტის შესწავლის საგანს წარმოადგენდა წინა აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა და გაიცა 6 რეკომენდაცია.
ჯგუფის სხდომაზე თითოეული რეკომენდაციის ირგვლივ დეტალური მსჯელობა გაიმართა და განხორციელებული აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა ჯგუფს გააცნეს მოსაზრებები წარმოდგენილ რეკომენდაციებზე. ისაუბრეს ყველა იმ გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც რეკომენდაციების შესრულებისთვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. აღინიშნა, რომ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებობს პოზიტიური დინამიკა და მათი უმრავლესობა შესრულებულია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ 2021 წელს განხილულია 30-ზე მეტი ობიექტის 20 ანგარიში და ჯამში გაცემულია 125-ზე მეტი რეკომენდაცია.
რეკომენდაციებთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურის და საპარლამენტო ზედამხედველობა განხორციელდება.
„ჩვენი მთავარი მიზანი არ არის წარმოდგენილი ანგარიშების მხოლოდ ზოგადი განხილვა. ჩვენი მიზანია, ის რეკომენდაციები, რომელიც გაცემულია აუდიტის სამსახურის მიერ, იყოს შესრულებული და თუ არ სრულდება, გავარკვიოთ რა არის ამის მიზეზი და დავსახოთ შესაბამისი გეგმები“, -განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა პაატა კვიჟინაძემ.